ბესიკ ლიპარტელიანი: “ბევრი პრობლემა არსებობს კალათბურთში, რომელიც უნდა მოგვარდეს”


დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტში გამართულ ყრილობაზე კიდევ ერთხელ აირჩიეს ბესიკ ლიპარტელიანი. არჩევნებზე მოსულმა 58-მა დელეგატმა ერთხმად მესამე ვადით აირჩია. ბესიკ ლიპარტელიანი საქართველოს კალათბურთის ფედერაციას 2001 და 2005 წლების საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ მორიგი 4-წლიანი ვადით გაუძღვება. კენჭისყრის დაწყებამდე კი კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა განვლილი ოთხი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები შეაფასა.
მერაბ რატიშვილი - გენერალური მდივანი:
“უკვე მე-4 წელია ვატარებთ “სუპერლიგის” ჩემპიონატს, აგრეთვე ქალთა პირველობებს. ყოველ წელს იმართება საქართველოს თასის გათამაშება და დუდუ დადიანის, ზურაბ საკანდელიძისა და ოთარ ქორქიას მემორიალები. ტარდება სემინარები, ჩვენი სამი მსაჯი ზაზა მაჩალაძე, მაკა კუპატაძე და დავით ბერეკაშვილი კი „ფიბას“ ეგიდით გამართულ მატჩებს მსაჯობენ. ახლახანს ჩამოსული იყო „ფიბას“ გენერალური მდივანი ნარ ზანოლინი, რომელიც დაგვპირდა დახმარებას.
ვგეგმავთ 2011 წელს საქართველოში ჩატარდება ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატი.
ყველაზე მთავარი მაინც A დივიზიონში გადასვლა იყო.
კალათბურთში მიმდინარე ჩემპიონატების და სხვა ღონისძიებების გასაშუქებლად ჩვენ ხელშეკრულება გავაფორმეთ რამდენიმე ტელევიზიასა და მედია საშუალებებთან, ერთ–ერთ ასეთი ინტერნეტ საშუალება Geosports.ge (განსაკუთრებულად აღნიშნა ჩვენი საიტის შესახებ), რომელიც აქტიურად აშუქებს კალათბურთში მიმდინარე პროცესებს, ამისთვის დიდი მადლობა მას და სხვა მედია საშუალებებსაც”.
ბესიკ ლიპარტელიანი - კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:
“დიდი მადლობა თანადგომისთვის და იმისთვის, რომ ერთსულოვნურად გამომიცხადეთ ნდობა. დღეს ბევრი პრობლემა არსებობს, რომელიც უნდა მოგვარდეს. ჩვენი ეროვნული ნაკრები A დივიზიონში მოხვდა, მაგრამ მთავარია, ადგილის შენარჩუნება და საუკეთესო გამოსვლა ევროპის ჩემპიონატზე. თქვენ დაგირიგდათ პროგრამები, სადაც წერია ჩემი პრიორიტეტები. ამ პრიორიტეტებით ვიხელმძღვანელებ და შევეცდები ამ 4 წელში საგრძნობლად შევამცირო პრობლემები. ჩვენ დარბაზების პრობლემა გვაქვს, მაგრამ სახელმწიფო გაარემონტებს არმიის სპორტული კლუბისა და სპორტის დეპარტამენტის შენობაში არსებულ საკალათბურთო დარბაზებს, თბილისის მერია კი ვერის ბაღის დარბაზის აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნება ქართული კალათბურთის განვითარებისათვის."
დავით ნამგალაური - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე:
“ვულოცავ ბესიკ ლიპარტელიანს გაპრეზიდენტებას. ჩვენ ყველანაირად მხარში დავუდგებით კარგი საქმის კეთებაში. საქართველოს ნაკრების A-დივიზიონში ასვლის მერე კალათბურთის ფედერაციას უფრო მეტი შრომა მოუწევს. ჩვენ გვსურს, რომ 2011 წელს ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატს ვუმასპინძლოთ და საამისოდ სახელმწიფოსგან ყველაფერი გაკეთდება. უახლოეს მომავალში იგეგმება რამდენიმე შენობის რეაბილიტაცია იმისთვის, რომ დარბაზებმა საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილონ”.
ირაკლი პერტაია - კალათბურთის ფედერაციის პრესატაშე:
“2001 წელს პირველად აირჩიეს ბესიკ ლიპარტელიანი პრეზიდენტად, შემდეგ 2005 და მესამედ ახლა აირჩიეს. მისი მუშაობა ამ დროის განმავლობაში ნაყოფიერია, რასაც ჩვენი ეროვნული ნაკრების A დივიზიონში გადასვლაც ადასტურებს. ძირითადი აქცენტი რაზეც იყო გაკეთებული, ყველაფერი კარგად დაგვირგვინდა. რა თქმა უნდა, ვულოცავ და უფრო ნაყოფიერ 4 წელს ვუსურვებ”.
http://geosports.ge/news.php?id=2623