ჩემპიონობისთვის მებრძოლმა “ზესტაფონმა” საქართველოს XXI ჩემპიონატში პირველი წარუმატებლობა შარშან, საკუთარ მოედანზე, თბილისის “ლოკომოტივისგან”, პირველი წრის პირველსავე ტურში იწვნია - "რკინიგზელებმა" იმერეთიდან ყველასთვის მოულოდნელად, ქულა წაიღეს. მეორე წრეში ამ გუნდებს შორის კიდევ ერთი დაძაბული შეხვედრა თბილისში შედგა და “ზესტაფონმა” მძიმე გამარჯვება (1:0) მოიპოვა. მესამე დაპირისპირებას კი გუშინ, ფეროელებმა უმასპინძლეს და... ისევ წაიფორხილეს. გათამაშების ცხრილის ერთპიროვნულმა აუტსაიდერმა მეორეადგილოსან გუნდს მორიგი ორი ქულა დააკარგვინა.
ზამთრის შესვენების შემდეგ პირველი ოფიციალური მატჩისთვის გახურება ზესტაფონელმა გულშემატკივრებმა დილიდანვე აქტიურად დაიწყეს. კლუბის დროშებითა და თეთრ-ცისფერი ბუშტებით დამშვენებული ავტომანქანების კოლონა ქალაქში დილიდან გამოჩნდა. აქტიური ქომაგები ხალხს საღამოს ჩასატარებელი თამაშის შესახებ ახსენებდნენ. საღამოს კი, ოფიციალური შეხვედრისთვის პირველად განათებულ არენაზე დაახლოებით 3 ათასი მაყურებელი შეგროვდა.
იმერული კლუბის თავკაცმა გია გეგუჩაძემ სამი ახალწვეულიდან სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 17 წლის მამუკა კობახიძე დააყენა. იგი გიორგი ხიდეშელთან ერთად, დაცვის ცენტრში გაამწესა. გიორგი მიქაბერიძე და დავით გამეზარდაშვილი კი მინდორზე მეორე ტაიმში შეუშვა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და მე-12 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა. შოთა გრიგალაშვილის კუთხური ხიდეშელმა საგოლე თავურით დააგვირგვინა. უპირატესობის გაზრდა გეგუჩაძის გუნდს პირველ ტაიმში სულ ცოტა, 4-ჯერ შეეძლო, მაგრამ გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და ნიკა გელაშვილმა რეალური საგოლე შანსები გაატანეს ქარს. დვალს მიზანმა უმტყუნა, გრიგალაშვილსა და გელაშვილს კი, რკინიგზელთა კარის დარაჯმა, მაქსიმე ქვილითაიამ აჯობა. შესვენებამდე გოლი მაინც გავიდა, ოღონდ საპირისპირო კარში. მასპინძელთა დაცვის ხაზის შეუთანხმებელი თამაშით “ლოკოს” ახალწვეულმა ზვიად მეტრეველმა ისარგებლა და საჯარიმოს მარცხენა კუთხიდან მოხდენილი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა - 1:1.
მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა აშკარა უპირატესობით ჩათამაშდა, მაგრამ უშედეგოდ - სამქულიან გოლამდე საქმე ვერაფრით მიიყვანეს.
ზესტაფონი. 8 თებერვალი, 18:00. ცენტრალური სტადიონი. 3000 მაყურებელი
“ზესტაფონი” - “ლოკომოტივი” (თბილისი) 1:1 (1:1)
“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, ბენაშვილი, კობახიძე (63, გამეზარდაშვილი), ხიდეშელი, ელიავა, დაუშვილი, ძარია (55, კორღალიძე), გრიგალაშვილი (56, მიქაბერიძე), აფციაური, დვალი, გელაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“ლოკომოტივი”: ქვილითაია, გუშარაშვილი, ხატიაშვილი, ლევან ჩაგელიშვილი, სარალიძე, დიაკვნიშვილი, წულაძე (73, კაკულია), ბორის მახარაძე (44, ქებაძე), გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე (78, ალექსანდრე შენგელია), ბონდო გოცირიძე, მეტრეველი
მწვრთნელი: გელა სანაია
გოლები: 1:0 ხიდეშელი (12), 1:1 მეტრეველი (33)
გაფრთხილება: კობახიძე; მეტრეველი, კაკულია.
არბიტრი: არსენ ნონიკაშვილი (თბილისი)
ოთარ მაღლაკელიძე