პოლონეთის დედაქალაქში გამართული 2012 წლის საფეხბურთო ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრის შემდეგ, თბილისში დაბრუნებულმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ კენჭისყრის შედეგები შეაფასეს. ფედერაციის ხელმძღვანელები პოლონეთში სპორტული ეკიპირების მწარმოებელი დანიური ფირმის ”ჰუმელის” წარმომადგენლებსაც შეხვდნენ, 16 თებერვალს კი ”პუმას” მესვეურებს დაელაპარაკებიან. შესარჩევი ციკლის დაწყებისთვის ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებს ახალი ფორმა უნდა ჰქონდეთ. პრესკონფერენციას სპორტის დეპარტამენტმა უმასპინძლა. ზვიად სიჭინავა: ” ჩვენი ჯგუფი მალტის გამოკლებით თანაბარია. მეორე ადგილისთვის ბრძოლა შეიძლება, ჯგუფიდან გასვლის შანსი კი 50/50-ზეა. კალენდარზე შესათანხმებლად 7 მარტს ათენში შევიკრიბებით და მოსალაპარაკებლად დრო 9 მარტამდე გვექნება. თუ კომპრომისული ვარიანტი ვერ მოვძებნეთ მაშინ კალენდარს უეფა დაგვიდგენს. ამ შეხვედრის მასპინძლობა მალტას და ისრაელსაც უნდოდათ, მაგრამ ისეთ ვარიანტზე შევთანხმდით ყველას რომ აწყობდა, ანუ ადგილმდებარეობის მიხედვით. შესარჩევი ციკლის დაწყებამდე ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს აუცილებლად გამართავს, არაა გამორიცხული 11 აგვისტოს კიშინოვში მოლდოვას ვეთამაშოთ. მოლდოველები მზად არიან გვიმასპინძლონ”.
აქვე გეტყვით, რომ 3 მარტს ესტონეთთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას ეროვნული ჩემპიონატიდან გამოძახებული ფეხბურთელები თებერვლის მიწურულს ტექნიკურ ცენტრ ”ბასაში” დაიწყებენ. 1 მარტს ნაკრებს ლეგიონერებიც შეუერთდებიან. ნაკრების თავკაცი თემურ ქეცბაია კი კენჭისყრის შემდეგ ლარნაკაში გაემგზავრა და თბილისში 20 თებერვალს ჩამოვა
