12 თებერვალს ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში დაიწყება და 28 თებერვლამდე გასტანს. საქართველოს ნაკრებს კანადაში 8 სპორტსმენი წარმოადგენს. ქართული დელეგაცია ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქში ორ ნაწილად ჩადის. საქართველოდან კანადაში დელეგაციის ძირითადი ჯგუფი 10 თებერვალს გამთენიას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის – გია ნაცვლიშვილისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარე – დავით ნამგალაურთან ერთად გაემგზავრა. გამგზავრების წინ, 9 თებერვალს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში სპეციალური წინასაოლიმპიადო პრესკონფერენცია გაიმართა. მას-მედიას ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი შეხვდა.
"ვანკუვერის ოლიმპიადის მოსამზადებელ ციკლში საკმაოდ ნაყოფიერი სამუშაო გასწია საქართველოს როგორც ძველმა, ისე ახალმა ოლიმპიურმა კომიტეტმა. ამხელა დელეგაცია ზამთრის ოლიმპიური თამშებზე ჩვენს ქვეყანას არასოდეს ჰყოლია – აღნიშნა ნაცვლიშვილმა და იქვე, ქართველი სპორტსმენების შანსებსაც შეეხო - ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი მოციგავეების მიერ 2 ლიცენზიის მოპოვებაა.
ნოდარ ქუმარიტაშვილისა და ლევან გურეშიძისგან ცხადია ათეულში შესვლას არ ველოდებით. ამ ეტაპზე მთავარი ისაა, რომ სპორტის ეს სახეობა გავაცოცხლეთ. ოლიმპიადაზე მოხვედრა კი პოპულარიზაციას კიდევ უფრო მეტად გაზრდის.
სამთო-სათხილამურო სპორტში ძალიან პერსპექტიული ნაკრები გვყავს, მაგრამ წარმატებებზე ფიქრი ჯერ აქაც ადრეა. დარწმუნებული ვარ, მომავალ ოლიმპიადაზე ნინო წიკლაური, იასონ აბრამაშვილი და ჯაბა გელაშვილი ათეულში მოსახვედრად იბრძოლებენ, იმ ოლიმპიადის მასპინძელი სოჭი რომ არ იყოს. ფიგურულ სრიალშიც 3 წარმომადგენელი გვეყოლება. წყვილებში ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის დუეტი გამოვა. ჩვენი მთავარი იმედი კი, რა თქმა უნდა ელენე გედევანიშვილია, ოღონდ საქმეს რეალურად ვუდგებით და მივიჩნევთ, რომ მისთვის ამ ეტაპზე, შვიდეულში მოხვედრაც კარგი შედეგი იქნება. თუმცა წინასწარ ნურაფერს ვიტყვით”.
ქართველი სპორტსმენები ვანკუვერის ოლიმპიადაზე
1. ელენე გედევანიშვილი (ფიგურული სრიალი)
2. ოთარ ჯაფარიძე (ფიგურული სრიალი)
3. ელისონ რიდი (ფიგურული სრიალი)
4. ნოდარ ქუმარიტაშვილი (ციგა)
5. ლევან გურეშიძე (ციგა)
6. იასონ აბრამაშვილი (სამთო თხილამურები)
7. ალექსანდრე ბენიანიძე (სამთო თხილამურები)
8. ნინო წიკლაური (სამთო თხილამურები)
სპორტის დეპარტამენტის პრესსამსახური