მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ოთარ გაბელიას ინტერვიუ
R1517GEOთარიღი: ოთხშაბათი, 2010-თებ-10, 14:59 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი 21-წლამდელ “ჯვაროსანთა” ბირთვის ძიებაშია. ოთარ გაბელიას დიდი სურვილი აქვს 3 მარტს ესტონეთთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის  მატჩამდე, რამდენიმე მისი გუნდისთვის საინტერესო  ფეხბურთელი ამხანაგურ შეხვედრაში იხილოს. საამისოდ არაბებისგან შემოთავაზებაც ყოფილა, მაგრამ მოგვიანებით დუბაიში მიწვევა ეროვნული ნაკრებისთვის გამოუგზავნიათ. თუმცა, ფიფას კალენდრიდან “ამოვარდნილი” 18 თებერვალი, უფროსი “ჯვაროსნებისთვისაც” მიუღებელი აღმოჩნდა.

ქართველ 21-წლამდელთა თავკაც ოთარ გაბელიას “მსოფლიო სპორტი” საესტონეთო მზადების თაობაზე სასაუბროდ დაუკავშირდა.

- ბატონო ოთარ, გავიგეთ თბილისში ესტონეთთან შეხვედრამდე ამხანაგური მატჩის გამართვას აპირებდით...  

- შემოთავაზება გვქონდა დუბაიში არაბეთის გაერთიანებული საამიროების კლუბების ნაკრებთან შეხვედრაზე. ჩვენ თითქოს თანახმაც ვიყავით, მაგრამ მერე ორგანიზატორებმა პირველი ნაკრები მოითხოვეს. კიდევ ვმუშაობთ რაღაც ვარიანტებზე, რომ ესტონეთამდე რაიმე სპარინგი ვითამაშოთ, მაგრამ ძირითადის ფეხბურთელები თუ არ მეყოლა, ტყუილად თამაშსაც აზრი არ აქვს.

არაბებთან რომც გამოსულიყო მოლაპარაკება, მათ 18 თებერვალს უნდოდათ თამაში. იმ დღისთვის კი, უცხოურ გუნდებში მოთამაშეებს არავინ გამოუშვებდა. საქმე ისაა, რომ ეს რიცხვი ფიფას ოფიციალურ თარიღად არაა დასახელებული.

- თურქული შეკრებიდან როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ამ შეკრებას საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელების შესამოწმებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ეტაპზე ალბათ მათგან, ვინც თურქეთში ნაკრებისთვის ახალი იყო, ვერავის გამოვიყენებთ, მაგრამ ჩვენ ყველა ყურადღების ქვეშ გვეყოლება.

ახლა ჩვენი ფიქრი იმას უკავშირდება, იქნებ ვისაც ძირითად შემადგენლობაში მოვიაზრებთ, ესენი როგორმე ერთად შევკრიბოთ. ჯანო ანანიძეს თუ არ ჩამოვიყვან, მოითმენს ამას კაცი. ვიცი ლევან ყენიაც ვერ ითამაშებს, ძალიან მინდა “დიორში” მოთამაშე გიორგი განუგრავა დავიხმარო. მას სერიოზული ტრავმა აქვს გადატანილი და ჯერ ბოლომდე არაა ფორმაში შესული. თან ნაოპერაციევი კუნთის აღდგენა დროში გაწელილი პროცესია და თუ ამ შესარჩევ ციკლში ნაკრებისთვის დახმარებას შეძლებს, მოხარული ვიქნები.

- თუ ხართ ჩამოყალიბებული იმ ბირთვზე, რომელსაც უახლოეს ოფიციალურ მატჩში დაეყრდნობით?

- ჯერ ბოლომდე დაკონკრეტებული არ ვართ, მაგრამ ძირითადი ბირთვი იგივე იქნება, რაც ბოლო თამაშებში. თუმცა, ღმერთმა გვაშოროს და ტრავმების ან გაფრთხილებების გამო ვინმეს რომ გამოტოვებამ მოუწიოს, ღირსეული შემცვლელები ხომ უნდა გვყავდეს. სულ ჩვენი ნაკრების მონახაზში 30 ფეხბურთელი მყავს. ამ რაოდენობაში, ვისაც უკვე ნათამაშევი აქვს, უმეტესობა ისინი არიან. ახალი სახეები აუცილებლად გვეყოლება, მაგრამ ბევრს ახლა თავიანთ კლუბებში თამაშები აქვთ და მათი ესტონეთამდე საქმეში ნახვა ალბათ ძალიან გაგვიჭირდება.

- თურქეთში ნამყოფი ფეხბურთელებიდან ამ 30 კაცში ალბათ მოხვდებიან...

- გადაჭრით გამიჭირდება ამის თქმა. შეიძლება ამ ეტაპისთვის იქედან არავინ დავიმატო. 2-3 კაცს რაღაცნაირად მოვიაზრებთ, მაგრამ იმ შემთხვევისთვის, თუ ღმერთმა არ ქნას, ვინმემ ტრავმა მიიღო, მის ჩასანაცვლებლად.

- თქვენ ალბათ თემურ ქეცბაიას მიერ ეროვნული გუნდის შემადგენლობის დასახელებას დაელოდებით, თუ მანამდე გააკეთებ არჩევანს...

- თემური ჯერ აქეთ არ ჩამოსულა, მაგრამ ალბათ იმის გამო, რომ ახალგაზრდები ოფიციალურს ვთამაშობთ, ისინი კი ამხანაგურს, ჩვენ დაგვითმობს, თუ ასეთი ეყოლება ვინმე.

- საბოლოოდ როდის ჩამოყალიბდებით საესტონეთო შემადგენლობაზე და ამ მატჩამდე შეკრების დაწყებას როდიდან გეგმავთ?

- მოწვევებს დაახლოებით 22 თებერვლიდან გავუგზავნით კლუბებს. შეკრება 27 თებერვლიდან დაიწყება, მაგრამ შეიძლება ზოგიერთი უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელი მეორე დღიდან შემოგვიერთდეს - ეს იმის მიხედვით, თავიანთ გუნდებში როდის ექნებათ თამაში.

- ანანიძის გარდა რომელი ლეგიონერის ხილვას უნდა ველოდოთ ესტონეთთან მატჩში?

- ამირან სანაია, გიორგი ივანიშვილი - თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ რომ გვინდა ისეთ ფორმაში იქნებიან.

- მოდით, იქნებ უცხოურ გუნდებში მოთამაშე იმ ფეხბურთელებზე გვითხრათ, რომელთა საქმეში ნახვა გსურთ, მაგრამ ვერ ახერხებთ. დაგვეთანხმებით ალბათ, რომ ბევრი ისეთი ფეხბურთელი თამაშობს საზღვარგარეთ, რომლებიც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშს იმსახურებენ.

- თამაშის უნახავად გამორიცხულია ფეხბურთელი გამოვიძახო. ყველას შევუთვალეთ თხოვნა ვოლფსბურგელ აკაკი გოგიას, ბენფიკელ ბაქარ მირცხულავას, დიორელ დათო ლორთქიფანიძეს, ამერიკაში რომ თამაშობს გიორგი ჩირგაძეს და კიდევ სხვებს, რომ გამოაგზავნონ 2 სრული თამაშის კასეტა, რომ ვნახოთ და გადაწყვეტილება მერე მივიღოთ. ჩვენ რომ გვქონდეს 17 და 19-წლამდელებივით წინ დიდი დრო სელექციისთვის, სამ  შეკრებას მაინც გავაკეთებდით და ვინც კი უცხოეთში თამაშობს ქართველი, ყველას დავუძახებდი და რათ მინდა მათი კასეტა, აგერ ვნახავდი საქმეში. მაგრამ დამიჯერებთ, ამდენი ხანია ეს თხოვნა შევუთვალე და კასეტა ვერ გამომიგზავნეს.

- გოგიას თაობაზე, როგორც ვიცით, ცოტა სხვაგვარადაა საქმე. მის მშობლებს იმედი აქვთ, რომ იგი გერმანელ თანატოლთა ნაკრებში ითამაშებს.

- ამ საკითხზე ვლადიმერ გუცაევი გვესაუბრებოდა და მართალი ბრძანდებით, რაღაც ვერ გადაუწყვეტია უნდა თუ არა საქართველოს ნაკრებში თამაში.

- გამოდის, თქვენი პრობლემა ისაა, რომ ფიფას ოფიციალური მატჩების დღეები არ გაქვთ...

- გეთანხმებით. აქედან გამომდინარე, დაგვრჩა ერთი გამოსავალი - კასეტა, რომლის ნახვით, თუ ფეხბურთელი მართლაც წარმოადგენს რამეს, მასზე რეალური წარმოდგენა შეგვექმნება და შესაძლოა დაჩქარებულ რეჟიმში გამოვუძახო ოფიციალურ მატჩზე.

- ე.ი. რისკს ერიდებით...

- არაა გამართლებული. გვარს ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ მასე ერთს დავუძახეთ და აქ რომ ჩამოვიდა, გამოვიდა - ხარჯი ხარჯად გავწიეთ და მის ადგილზე სხვისი საქმეში ნახვა შეიძლებოდა. მოკლედ, გემოვნება ყველას თავისი აქვს და მუშაობის სტილი - ფეხბურთელს რომ ნაკრებში დავუძახო, დარწმუნებული უნდა ვიყო, რომ იგი ყველაფერს გაიღებს მისი ქვეყნის ღირსების დასაცავად.   

- თქვენ ერთ-ერთი იშვიათი ქართველი მწვრთნელი ხართ, ვინც გუნდს ყველა კონკრეტულ მატჩში დადებითი შედეგის მიღწევაზე ათამაშებს.

- ჩვენთვის ის არავის მოუთხოვია, რომ ამ ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე უნდა მოხვდეო. ესაა, რომ მე მაქსიმალისტი ვარ და ყოველთვის მინდა შედეგს მივაღწიო. აი, თუ პირველი ნაკრებისთვის აღმოვაჩენთ ვინმეს, ძალიან მოხარული ვიქნები.

ცოტა რეალურად თუ შევხედავთ სიტუაციას, შვეიცარია და თურქეთი ძალიან ძლიერები არიან. თითქოს ესტონეთი არაფერი გუნდი ჩანს, მაგრამ თუ დაუკვირდებით, ეს გუნდი გასვლას უკეთ თამაშობს, ვიდრე სახლში. ძალიან კარგია ქართველებს ოპტიმიზმი რომ გვახასიათებს, მაგრამ ხანდახან რეალურადაც უნდა შევხედოთ საქმეს.



ფრიდონ კერვალიშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010