დავით ცაბაძე ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ ბარე ოთხი დღე გავიდა, მაგრამ ჩვენი მეტოქე ქვეყნების ვებგვერდებზე დღემდე გრძელდება ნაკრების მწვრთნელების, მოთამაშეებისა და ფეხბურთის სპეციალისტთა პოზიციის დაფიქსირება. ეს თემა ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესოა და სწორედ ამაზე უნდა მოგითხროთ.
ხორვატია
მართალია, ხორვატია არ არის იტალია, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი... მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ხორვატებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე ინგლისი "ოფსაიდში" დატოვეს. მათი თავკაცი სლავენ ბილიჩი წილისყრის შედეგებით გახარებულია, მაგრამ ერთი ამოცანა ჯერჯერობით ამოუცნობი აქვს.
"კარგ ჯგუფში მოვხვდით. აქამდე ჩვენს ეროვნულ გუნდს ყველა მეტოქესთან აქვს ნათამაშები, გარდა ერთისა, საქართველოსი. ჯერჯერობით ეს გუნდი ჩვენთვის ამოუხსნელი ამოცანასავითაა. თუმცა მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ჩვენ ჩინებული შანსი გვაქვს 2012 წელს ევროპის ჩემპიონატზე ვიასპარეზოთ. ამ მიზნისთვის ბრძოლაში ჩვენი მთავარი მეტოქე საბერძნეთია. ასევე ისრაელი, რომელსაც ლატვიასთან ერთად იყო პლეი ოფში გასვლისთვის მცირედი დააკლდა", - აღნიშნავს ბილიჩი ვეცერნჯი.ჰრ-სთან საუბარში.
იმავე საიტმა უცნობ საქართველოზე ცალკე მასალა მოამზადა, რომელშიც ფეხბურთელ ქეცბაიას "ნიუკასლში" თამაში და ქართველის მიერ 1997 წლის აგვისტოში გატანილი ბურთი და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშული ზაგრების "დინამო" გაიხსენეს. ბუნებრივია, როცა გაირკვა რომ ხორვატია ჩვენი მეტოქეა, ქართველებს უმალ ივო შუშაკი გაგვახსენდა და სულაც არაა გასაკვირი, რომ ხორვატებსაც იგივე პერსონა ამოუტივდივდათ.
"დღესაც ტკბილად ვიხსენებ საქართველოში გატარებულ პერიოდს. მაშინ ჩემი გაწვრთნილი საქართველოს ნაკრებით რუსეთი დავამარცხეთ და ქართველებმა გმირად შემრაცხეს. გასული წლის ბოლოს, ნაკრების თავკაცების კანდიდატთა შორისაც მასახელებდნენ, მაგრამ არჩევანი თემურ ქეცბაიაზე გაკეთდა და ეს არც გამკვირვებია. ქეცბაია საქართველოში გულშემატკივართა კერპია, გამორჩეულად უყვართ და სამწვრთნელო კარიერაში მოპოვებული ხმაურიანი წარმატებების შემდეგ ეროვნული გუნდი ჩააბარეს. საქართველო რეალურადაა ტალანტების ქვეყანა. ამ ქვეყანაში ყველაზე ცნობილი ფიგურები კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი არიან, რომელთა გვერდით ნაკრებში ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელები თამშობენ. ვფიქრობ, მეტოქეთა შორის საბერძნეთის შემდეგ, ყველაზე მეტად საქართველო უნდა დავაფასოთ. ჩემი აზრით, ქართველები ისრაელზე უკეთ თამაშობენ. ამ ჯგუფში ყველაზე სუსტებად ლატვიასა და მალტას მივიჩნევ", - ასეთია თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცის ივო შუშაკის პოზიცია, რომელიც ვეცერნჯი.ჰრ-მ გამოქვეყნა.
საბერძნეთი
ელადელები მოუთმენლად ელიან თემურ ქეცბაიას გუნდთან ოტო რეჰაგელის ნაკრების დაპირისპირებას. ქეცბაიასადმი, რომელიც შარშან სექტემბერში გამოეთხოვა პირეოსის "ოლიმპიაკოსს", საბერძნეთში დღესაც დიდი ინტერესია. ვნახოთ, თუ რა აზრისაა საბერძნეთის ნაკრების თავკაცი, ოტო რეჰაგელი ჩვენს ჯგუფსა და მეტოქეებზე.
"თეორიულად ხორვატია ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ ნაკრებთანაც შეგვიძლია წარმატებით თამაში. ხორვატიის გარდა სხვა მეტოქეები თითქმის თანაბარი ძალისაა და მათი სათანადოდ შეუფასებლობა გამართლებული არ იქნება. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ წილისყრის შედეგებით კმაყოფილი ვარ. ჩვენთვის ეს სასურველი ჯგუფია და პირველი ადგილის დაკავებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ამ მიზნისთვის მთავარი ბრძოლა სწორედ ხორვატიასთან მოგვიწევს. უკიდურეს შემთხვევაში, მეორე ადგილი ჩვენი უნდა იყოს. თუმცა ახალ საკვალიფიკაციო ეტაპამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა. მანამდე მსოფლიოს ჩემპიონატია და სამხრეთ აფრიკაში მძიმე მატჩები გველის", - ბერძნულ ვებგვერდ ტანეა.გრ-სთან საუბარში აღნიშნა საბერძნეთის ნაკრების გერმანელმა მწვრთნელმა.
ცნობისთვის, ოტო რეჰაგელსა და საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციას შორის მოქმედი კონტრაქტის ვადა მიმდინარე წლის ივლისში, მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. შესაბამისად, სულაც არაა გამორიცხული, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობისთვის ბერძნების ეროვნული გუნდი სხვა მწვრთნელმა მოამზადოს. სწორედ ამ საკითხზე დაეკითხნენ საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ სოფოკლის პილავიოსს.
"უდავოა, ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში ოტო რეჰაგელი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მან ჩვენს ეროვნულ გუნდს დღემდე ყველაზე დიდი ტიტული - ევროპის ჩემპიონობა მოაპოვებინა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ბოლო ხანს, რეჰაგელს კრიტიკოსები მოუმრავლდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ნაკრები დაბერდა და გაახალგაზრდავების პროცესი აუცილებელია, რომელსაც გერმანელი მწვრთნელი რატომღაც ერიდებაო... ნაკრებს რეჰაგელი ხელმძღვანელობს და ის თავად გადაწყვეტს, თუ ვინ ათამაშოს ეროვნულ გუნდში. რაც შეეხება ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენი ნაკრების ასპარეზობას. დარჩება თუ არა რეჰაგელი ნაკრების თავკაცად, ეს საკითხი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ გადაწყდება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თუ რა პოზიცია ექნება მუნდიალის შემდეგ თავად მწვრთნელს. ვნახოთ, ექნება თუ არა 72 წლის გერმანელ მწვრთნელს ჩვენთან თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი", - უთხრა საიტ ტოვიმა.გრ-ის ბერძნული ფეხბურთის პირველკაცმა.
ოტო რეჰაგელის ხელმძღვანელობის გარეშე ნაკრების წარმოდგენა უჭირს ლევან კობიაშვილის თანაკლუბელს, ბერლინის "ჰერტას" ფორვარდ თეოფანის გეკასს.
"... არც კი მინდა იმისი გაფიქრება, რომ ოტო რეჰაგელი ჩვენი ნაკრების მწვრთნელი აღარ იქნება. მის გარეშე ნაკრების წარმოდგენა მიჭირს. იმედი მაქვს, რეჰაგელი ზაფხულში კიდევ ერთხელ გაახანგრძლივებს კონტრაქტს. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფს - ვფიქრობ, ჩვენი მთავარი კონკურენტი ხორვატიაა, მაგრამ ისრაელი აშკარად იმსახურებს ყურადღებას. მით უმეტეს, ბოლოს ჩატარებულ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისრაელი ჩვენს ჯგუფში იყო და მებრძოლ გუნდად დაგვამახსოვრა თავი. ვფიქრობ, ჯგუფიდან გასვლისთვის მთავარი ბრძოლა სწორედ ხორვატიასა და ისრაელთან გვექნება. ალბათ, მოვიდა დრო კიდევ ერთხელ ვიასპარეზოთ ევროპის ჩემპიონატზე და 6 წლის წინ მოპოვებული ტიტულისთვის ისევ ვიბრძოლოთ. იმედი მაქვს, ამ ჯგუფიდან გავალთ", - ტანეა.გრ-სთან ასეთ ოპტიმისტურ ნოტაზე დაასრულა ლაპარაკი ბერძენმა თავდამსხმელმა თეოფანის გეკასმა.
ახლა კი სხვა მეტოქეთა პოზიციებსაც გადავავლოთ თვალი. ხორვატიასთან ერთად, საბერძნეთს ფავორიტად მიიჩნევს ლატვიის ნაკრების ფორვარდი მარის ვერპაკოვსკისი, რომელიც ბერძნულ ერგოტელისში ჩვენი ეროვნულის მცველ გიორგი შაშიაშვილის თანაკლუბელია.
"საინტერესო ჯგუფის ბინადრობა გვერგო. ჩემი აზრით, ჯგუფის ფავორიტი ორია, ხორვატია და საბერძნეთი. დანარჩენი სამი გუნდი, მალტის გარდა თანაბარი ძალისაა. ლატვია, ისრაელი და განსაკუთრებით საქართველო, რომელსაც ახალი მწვრთნელი ჰყავს, თითოეული ქულისთვის, მეტოქეებს დიდ ბრძოლას გაუმართავენ. ვფიქრობ, ამ ჯგუფში ყველა გუნდს გაუჭირდება ქულების მოპოვება და ცხრილში ქულათა სხვაობაც ძალზე მცირე იქნება", - აღნიშნა 30 წლის ლატვიელმა ფორვარდმა ბერძნულ ვებგვერდ ე-სოცცერ.გრ-სთან ინტერვიუში.
ისრაელი
ისრაელის ნაკრები კვლავაც მთავარი მწვრთნელის გარეშეა. ეროვნულის ყოფილ თავკაც დრორ კაშტანის მემკვიდრედ რამდენიმე კანდიდატურა სახელდება. თუმცა, როგორც ირკვევა, ისრაელის ნაკრების ხელმძღვანელობის ყველაზე მეტი შანსი ბერძნული "პანათინაიკოსის" ყოფილ დამრიგებელს, ჰოლანდიელ მწვრთნელ ჰენკ თენ კეიტს აქვს. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ეროვნული გუნდი ახალგაზრდა მწვრთნელ ეიალ ბერკოვიჩს ჩააბარონ. ცნობისათვის, 37 წლის ბერკოვიჩმა ნაკრებში მოთამაშის კარიერა 2004 წელს დაასრულა. 2001-05 წლებში ისრაელის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი (82 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი) ინგლისში, "ბლექბერნშ", "მანჩესტერ სიტისა" და "პორტსმუთში" თამაშობდა.
ნაკრებს თავკაცი არ ჰყავს და ჯგუფზე თავის პოზიციას ნაკრების ფეხბურთელები აფიქსირებენ. ინგლისური "ლივერპულის" ნახევარმცველ იოსი ბენაიუნს მიაჩნია, რომ ისრაელის ჯგუფის სისუსტესა თუ სიძლიერეზე კამათი დროის ფუჭი ხარჯვაა. მას სჯერა, რომ ისრაელის ნაკრები ყველა მატჩში წარმატებისა და ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის იბრძოლებს. ამ მიზნის მისაღწევად ყველა ფეხბურთელი მაქსიმუმს გაიღებს. ბელგიური "ლოკერენის" მცველი ავი შტრული აღნიშნავს, რომ წინ მძიმე საკვალიფიკაციო ეტაპი ელის და მალტის გარდა, ყველა გუნდთან ერთული მატჩი ექნება. ის მიიჩნევს, რომ ისრაელის ჯგუფიდან გასვლის კარგი შანსი აქვს.
ლატვიურ საიტ სპორტაცენტრს.ლვ-ს ჰაიფას "მაქაბის" თავკაცის ქართველ ასისტენტ გიორგი დარასელიას სიტყვებიც მოჰყავს, რომლის წყარო ერთ-ერთი ებრაული ვებგვერდია. დარასელია აცხადებს, რომ ისრაელში საბერძნეთისა და ხორვატიის ნაკრებების შემდეგ, ყურადღებას საქართველოს ნაკრებზე ამახვილებენ, სადაც ახალი მწვრთნელისგან რევოლუციურ პროგრესს ელიან. დარასელია ყველა მეტოქეს ურჩევს, რომ საქართველოზე ყურადღება გაამახვილონ.
ლატვია
ახლა კი ვნახოთ, თუ რა განწყობაა ლატვიაში. ჩვენი ნაკრებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის დარად აფასებს ჯგუფს ლატვიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრ სტარკოვსი.
"რთულ ჯგუფში მოვხვდით, რადგან მალტას თუ არ ჩავთვლით, მეტ-ნაკლებად თანაბარი დონის გუნდები გვყავს მეტოქეებად. ამ ყველა ქულას ოქროს ფასი ექნება და თითოეული ქულისთვის ყველა ნაკრები ბოლომდე იბრძოლებს. ყველაზე მძიმე მატჩები ხორვატიასთან და საბერძნეთთან გველის. ისევე როგორც ისრაელთან. ვფიქრობ, ამ შესარჩევში სხვაგვარ, უფრო ძლიერ საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ. მით უმეტეს, ჩვენ ყოველთვის დაძაბული მატჩები გვაქვს ქართველებთან... საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადებას ახლავე ვიწყებთ. ჩვენი უმთავრესი ამოცანა სასურველი კალენდარია და მარტში ათენში ყველანაირად შევეცდებით მატჩების ჩვენთვის სასურველი განრიგი გავიტანოთ. რა თქმა უნდა, სხვა ნაკრებებიც იმავეს შეეცდებიან და თუ შეთანხმება არ შედგა, მაშინ კალენდარს 23 მარტს უეფა, თელ ავივში თავად დაგვიდგენს", - ლატვიის ტელევიზიით ნათქვამ სტარკოვსის ეს სიტყვები ვებგვერდმა ტვნეტ.ლვ-მა გამოაქვეყნა.
როგორც ირკვევა, ლატვიის ნაკრები შესარჩევისთვის მოსამზადებლად ივნისში გასამართ ბალტიის თასს გამოიყენებს. აგვისტოში კი ამხანაგურ მატჩს გამართავს და სპარინგ პარტნიორის შესათანხმებლად უკვე მუშაობს. ლატვიელებს 3 მარტსაც სურთ ამხანაგური მატჩის გამართვა და კვიპროსის საფეხბურთო ასოციაციასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს... და კიდევ ერთიც, ლატვიის ფეხბურთის ფედერაციამ "ნორდ ბანკთან" პარტნიორობის კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც წლიურად ლატვიური ფეხბურთი ამ ბანკისგან მილიონ ლატზე მეტს მიიღებს.
მალტა
ამ ქვეყნის ნაკრებს კვლავაც ჯონ ბუტიგეგი ხელმძღვანელობს, მწვრთნელი, რომელსაც ეროვნული გუნდის თავკაცის პოსტზე ჩინებული დებიუტი ჰქონდა, 12 აგვისტოს ექტორ კუპერის ფორმაციის საქართველოს ნაკრები 2:0 დაამარცხა. მართალია, ბუტიგეგი ჯგუფს ძლიერს უწოდებს, მაგრამ სამ გუნდს ბრძოლას ჰპირდება.
"ძალზე ძლიერ ჯგუფში მოვხვდით. მალტა პოპულარული საფეხბურთო ქვეყანა არაა. შესაბამისად, ხორვატიასა და საბერძნეთთან მატჩებში სასურველი შედეგის მიღწევა ძალზედ გაგვიჭირდება. თუმცა ჩვენი მეტოქე საბჭოთა კავშირის ორი ყოფილი წარმომადგენელი, ლატვია და საქართველოა. მათთან და ისრაელთან თამაშებში კი შეგვიძლია არა მხოლოდ გამოცდილების მიღებაზე, არამედ ქულების მოპოვებაზე ვიზრუნოთ" - ჯონ ბუტიგეგის ეს სიტყვები ლატვიურმა საიტმა სპორტაცენტრს.ლვ-მა გამოაქვეყნა.
თუმცა მალტურ "ინდეპენდენტთან" საუბარში მალტის თავკაცის ასისტენტი კარმელ ბუზუტილი აცხადებს, რომ შინ საქართველოსთან და ლატვიასთან მოგებას გეგმავს. მით უმეტეს, მალტის ნაკრებმა შარშან აგვისტოში ქართველების დამარცხება შინ ერთხელ უკვე შეძლო.