მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ ლევან კუტალიასთან
R1517GEOთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 15:46 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ ზუგდიდის “ბაიაში” თამაში შემომთავაზა, მაგრამ უარი შევუთვალე. სიჭინავა პირადად არ დამლაპარაკებია, სხვას შეეკითხა ჩემზე, ხომ არ ითამაშებსო. შემდეგ კი “ბაიას” კონსულტანტმა სოსო ჭედიამ მითხრა, მოდი “ბაიაში”, შეგხედავთო. სიმართლე ვთქვა, გამეცინა...” – ეს ბოსნიური სარაევოს “სლავიას” ნახევარმცველ ლევან კუტალიას სიტყვებია, რომელიც “მსოფლიო სპორტს” უთხრა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ოთარ გაბელიამ 20 წლის კუტალია სამ მარტს ესტონეთთან გასამართი მატჩისთვის არ გამოიძახა, რაზეც ფეხბურთელი ძალიან გაბრაზებული გვეჩვენა.

დანარჩენს კუტალიასთან ინტერვიუთი შეიტყობთ:

ლევან კუტალია - რატომღაც მეგონა, რომ გამომიძახებდნენ. ერთის მხრივ, მართლა ვნანობ, რომ ბოსნიის მოქალაქეობაზე უარი ვთქვი – ისინი ახალგაზრდულ ნაკრებში გარანტირებულ ადგილს მთავაზობდნენ და ბოსნიის ეროვნულ ნაკრებში დამკვიდრების შანსიც მომეცემოდა. მიმზიდველ წინადადებაზე უარი ვთქვი, მაგრამ საქართველოში არ დამიფასეს. “სლავიას” პრეზიდენტმა მითხრა, აგერ, ხომ ხედავ, ჩვენ რომ უარი გვითხარი, მაინც არ გათამაშებენ საქართველოშიო. მართალიცაა.

- კი, მაგრამ ახალგაზრდულ ნაკრებში სხვებიც არ გამოუძახებიათ. ყველამ შენნაირად რომ იფიქროს სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე, რა გამოვა?

- ყურადღება მაინც გამოიჩინონ. ვიცი, გაბელიამ რატომაც არ გამომიძახა: ამ ზამთარს “სლავიას” გვიან შევუერთდი, რადგან გერმანული “კოტბუსის” ვარიანტი მქონდა და შესაძლოა, იქ წავსულიყავი. გაბელიას ზუგდიდში დაურეკია ერთ მწვრთნელთან, კუტალია რას აკეთებსო, უკითხავს. სხვასთან რას რეკავდა, ჩემთვის დაერეკა. იმ მწვრთნელმა უთხრა, აქაა და არ ვარჯიშობსო. ეს ის პერიოდი იყო, ჩვენი ნაკრები თურქეთში რომ მიდიოდა შეკრებაზე.

- თუმცა, შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩებში გამოძახებული იყავი, მაგრამ არ გითამაშია: ნოემბერში – შინ ირლანდიასთან და სტუმრად შვეიცარიასთან.

- ასე იყო. გაბელიამ არც კი ამიხსნა მიზეზი. ლეგიონერი ვარ, ჩამოვდივარ, თანაც, სულ რამდენიმე თვის წინათ ბოსნიის მოქალაქეობაზე უარს ვამბობ – ხომ შეიძლება, იმდენი ყურადღება მაინც გამოეჩინა, რომ ეთქვა უთამაშებლობის მიზეზი? მესმის, მწვრთნელი წყვეტს, ვინ ათამაშოს და ვინ არა, მაგრამ მე ჩემი მხრიდან ვლაპარაკობ. მეწყინა, ასე რომ მოხდა. არადა, ადრე ყოველთვის მირეკავდა გაბელია, ჩემს ამბებს კითხულობდა.

- გაბელიამ ირლანდიასთან თამაშის შემდეგ თქვა, კუტალია ვარჯიშებზე ცუდად გამოიყურებოდაო.

- ჯერ ერთი, პირველ ვარჯიშზე დაღლილი ვიყავი და ფეხიც მტკიოდა. ეს ვუთხარი კიდეც. და მეორეც, ერთი ვარჯიშით უნდა გადაწყდეს, ფეხბურთელი ვარგა თუ არ ვარგა? არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც არ გამომიძახეს.

- კერძოდ?

- დომენტი სიჭინავამ შეუთვალა ერთ კაცს ჩემზე, “ბაიაში” სათამაშოდ არ ჩამოვაო? და თუ ჩამოვა, რა პირობები სურსო? მე დავასახელე ჩემი პირობები და სიჭინავამ, არაო, ძალიან ბევრს ითხოვსო. და ასე მორჩა საუბარი, მაგრამ მერე სოსო ჭედიამ მითხრა, მოდი, “ბაიაში” შეგხედავთო. ანუ, წარმოიდგინეთ, სარაევოს “სლავიაში” ვთამაშობ და “ბაიაში” გასინჯვაზე მოდიო. მითხრეს, ზუგდიდიდან უფრო გექნება ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შანსი და აქ უფრო დაგინახავენო. შეა-დარონ მაინც საქართველოსა და ბოსნიის ჩემპიონატი, ან მათი ეროვნული ნაკრები და ჩვენი.

- საკლუბო ამბებზეც ვთქვათ: “კოტბუსის” ვარიანტი რატომ არ გამოგივიდა?

- ჩემი მენეჯერი რაღაცაში ვერ შეუთანხმდა “სლავიას”.  ზაფხულამდე დავრჩები ბოსნიაში, მერე კი, უეჭველად გამყიდიან, რადგან ზამთარში თავისუფალი აგენტი ვხდები და უფასოდ ჩემი გაშვება რაში აწყობთ... ”კოტბუსის” გარდა, ჩემით ადრე ბელგრადის “ცრვენა ზვეზდაც” იყო დაინტერესებული – ეს, როცა ევროპის ლიგაზე დანიურ “ოლბორგს” გავუტანე. “ცრვენა ზვეზდა” 90 000 ევროს იხდიდა, “სლავიამ” კი 200 000 მოითხოვა.

- გასულ სეზონში, “სლავიამ” ბოსნიის თასი აიღო და კინაღამ ჩემპიონიც გახდა. ახლა კი ბოლოდან მეოთხეზე ხართ.

- პირველი წრე ჩაგვივარდა, მაგრამ 3 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ, მათ შორის, სერბი ფორვარდი დარკო სპალევიჩი, მარსელის “ოლიმპიკიდან”. ისე, თასზე ნახევარფინალში ვართ გასული და იქ, “ჟელეზნიჩარს”, “შიროკი ბრიეგს”, ან “ზრინსკის” შევხვდებით.

- კლუბში რა გითხრეს, შეკრებაზე რომ დააგვიანე?

- ყველაფერი გავარკვიეთ, გაგებით მოეკიდნენ ჩემს ამბავს. ყველას სურს უკეთეს კლუბში გადასვლა და არც მე ვარ გამონაკლისი. “სლავიას” მწვრთნელმა მითხრა, მოემზადე, ამ გაზაფხულზე შენი იმედიც გვაქვსო. ისე, ჩემპიონატის საწყის ორ ტურს დისკვალიფიკაციის გამო ვტოვებ.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010