"ლელო "
# 37
16 თებერვალი, სამშაბათი, 2010 წელი ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!
მერაბ მამულაშვილი
გუშინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაბადების დღე იყო - ის 20 წლის გახდა. 1990 წლის 15 თებერვალი ქართული ფეხბურთისა და მთელი ქვეყნისთვის უდიდესი მოვლენა გახდა. დამფუძნებელმა ყრილობამ, რომელიც 25 ინიციატორის ძალისხმევით ჩატარდა, საქართველოს ფეხბურთის დამოუკიდებელი ფედერაცია დააარსა. პირველ პრეზიდენტად დიდი ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. შედეგად, ქართულმა კლუბებმა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატს ზურგი აქციეს და... 30 მარტს სათავე დაუდეს პირველ ეროვნულ ჩემპიონატს...
შემდგომი ორი წელი მოლოდინის იყო - როდის გვაღიარებდნენ ფიფა და უეფა? სხვაგვარად, ქართული ფეხბურთის დამოუკიდებლობა აზრს კარგავდა. ჩვენი საფეხბურთო სამყაროს ის ნაწილი, რომელმაც ეს გზა აირჩია, დარწმუნებული იყო, რომ ქართველებს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრისთვის საჭირო ნიჭიც გვქონდა და ძალაც.
თუმცა ფიფა და უეფა ამ ნიჭს �გზა ფართოს� დიდხანს არ აძლევდა. მხოლოდ ორი წლის შემდეგ, 1992 წლის 25 თებერვალს მიგვიღეს ფიფას დროებით წევრად, იმავე წლის 3 ივლისს კი, ციურიხის კონგრესზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა ეღირსა.
უეფაც გამოფხიზლდა და 1992 წლის მაისში დროებით, 1993 წლის 17 ივნისს კი მუდმივ წევრად მიგვიღო. ამით წერტილი დაესვა საქართველოს ნაკრებებისა და კლუბების საერთაშორისო იზოლაციას. 1992 წლიდან საქართველოს ეროვნულმა და ასაკობრივმა გუნდებმა ეს იზოლაციაც გაარღვიეს, 1993-94 წლების სეზონიდან კი უეფამ საკლუბო ტურნირებშიც ჩაგვრთო.
ქართული ფეხბურთის მომავლის მაშინაც არ სჯეროდა ბევრს და, შესაძლოა, დღეს მათ სალაპარაკოც ჰქონდეთ - ეროვნული ნაკრები საშინელ დღეშია, კლუბებს მეტისმეტად უჭირთ, ეროვნული პირველობა კი უინტერესოა და მაყურებელი არ ჰყავს, ქართველი ფეხბურთელები უცხოეთში თავქუდმოგლეჯილნი გარბიან...
90-იანი წლებიდან საქართველოს ნგრევის პროცესი ისეთი ტემპით მიდის, რა გასაკვირია, რომ ეს ფეხბურთზეც აისახა. უნიჭიერესი თაობა, რომელიც სწორედ დამოუკიდებლობის შემდგომ წლებში წამოვიდა და წესით, საქართველო უნდა ესახელებინა, უმძიმეს პირობებსა და ქვეყნის გაპარტახებას შეეწირა. დაინგრა ეკონომიკა, რომელიც ფეხბურთს უნდა აძლიერებდეს. ჩამოგვაჭრეს აფხაზეთი და სამაჩაბლო, საიდანაც ქართულ ფეხბურთს მასაზრდოებელი შენაკადები უერთდებოდა. ამ მოვლენებმა უპირველესად წელში გატეხა სამეგრელოს რეგიონი, სადანაც ასევე გამორჩეული ფეხბურთელები იზრდებოდნენ და მხოლოდ ხუთიოდე წლის წინ დაბრუნდა დიდ ფეხბურთში.
ამ პროცესების კვალდაკვალ, ყველა რეგიონს გაუჭირდა, დაინგრა ბავშვთა ფეხბურთი, გაპარტახდა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, შემდგომ გასხვისდა მისი ნაწილი და ასე მოვედით 2010 წლამდე...
და მაინც, ჩვენ ვიხილეთ (თუმც ეპიზოდურად) ლამაზი ქართული ფეხბურთი, �მრეტებისგან� გაღვიძებული, დიდი მატჩები უელს-ბულგარეთ-შოტლანდიასთან სანაკრებო დონეზე, ორიოდე საკლუბო აფეთქება დავით ყიფიანისა და გია გეგუჩაძის �დინამოსი�, ვლადიმერ გუცაევის ახალგაზრდულში, რევაზ გაგუას 16-წლამდელებში, ვახტანგ კოპალეიშვილის 18-წლამდელებში, კობა ჟორჟიკაშვილისა და გიორგი დევდარიანის 17-წლამდელებში.
ეს �ანონსია� მომავალი ქართული ფეხბურთისა - თუკი ქვეყანაში ზემოთ ნახსენები პრობლემების ნაწილი მოგვარდება, ბავშვთა ფეხბურთი და კლუბები ფინანსურად ამოისუნთქავენ. ქართული ფეხბურთი ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესი საბჭოთა ლიგის მოწინავეთა შორის მთელი 60 წლის განმავლობაში იყო და არა - ეპიზოდურად, ეს კი მის პოტენციალზე მიუთითებს.
საერთოდაც, გაუმარჯოს ქართული ფეხბურთს! პესიმისტებო, ვისაც გვჯერა, გაგვატარეთ!