"ლელო "
# 39
ხუთშაბათი, 18 თებერვალი, 2010 წელი ძოძუაშვილი საკუთარ აკადემიას ქმნის
მერაბ მამულაშვილი
რევაზ ძოძუაშვილი დიდი ხანია, საკუთარი საფეხბურთო გუნდის ჩამოყალიბებაზე ოცნებობდა. ბევრ ამბიციურ კლუბში მუშაობდა - საქართველოს ნაკრებში, თბილისის �დინამოში�, რუსთავის �გორდაში�, თბილისის�ლოკომოტივში�, ქუთაისის �ტორპედოში�, რუსთავის �ოლიმპში�, რიგის �სკონტოში�... მაგრამ ოცნებაზე უარი ვერ თქვა, რადგან საკუთარი გემოვნებით კლუბის მართვის საშუალება არასდროს ჰქონია. არადა, ეს იყო მისი ყველაზე დიდი ოცნებაც, მიზანიც და ცხოვრებისეული ამოცანაც - გამოცდილება, ცოდნა და საფეხბურთო ამბიცია ამისკენ უბიძგებდა.
ძოძუაშვილი მწვრთნელი და ყოფილი მსაჯია, შვილი - ფიფას ლიცენზირებული აგენტი მიხეილ ძოძუაშვილი, რიგის �სკონტოს� გენერალური მენეჯერია... მოკლედ, ძოძუაშვილების ოჯახი ფეხბურთით სუნთქავს. მისი მეუღლე, ქალბატონი ნონაც კი გუნდის ტაქტიკას ისე გაარჩევს და ნებისმიერ საფეხბურთო ნიუანსზე ისე ილაპარაკებს, ბევრ ისეთ სპეციალისტს აჯობებს, კიტრივით რომ მოაქვს თავი...
თუმცა ერთია სურვილი, ხოლო მეორე - შესაძლებლობა. �მიხიჩას� საამისოდ საჭირო სახსრები არ აღმოაჩნდა. ქართველ ბიზნესმენებს ფეხბურთისთვის ფული არ აქვთ და სერიოზული ფინანსების მქონე კომპანიები გვერდით ვერ ამოიყენა.
რამდენიმეწლიანი მცდელობის შემდეგ მიხვდა, რომ ამ მცდელობიდან არაფერი გამოდიოდა, გარისკა და საკუთარი საფეხბურთო აკადემია ჩამოაყალიბა. ბატონმა რევაზმა �საქართველოს საფეხბურთო აკადემიის� დასაფუძნებლად დოკუმენტაცია უკვე შეკრიბა, ახლა იურიდიულ ფილტრში გაატარებს და აკადემია უკვე ოფიციალურად დაფუძნდება. ჯერჯერობით, �რევაზ ძოძუაშვილის სახელობის საფეხბურთო აკადემიას� საკუთარი არც ტერიტორია აქვს, არც ბაზა და არც სტადიონი. ახლა ძიების პროცესშია - ტერიტორიასაც ეძებს და სტადიონსაც.
მიუხედავად ამისა, ძოძუაშვილმა ნახევარი წლის წინ უგუნდო ფეხბურთელთა ნაკრები შექმნა, რომელსაც იპოდრომზე ავარჯიშებს. სხვათა შორის, ამ გუნდმა ჩვენი ჩემპიონატის ლიდერებს საკონტროლო შეხვედრებში საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია და გამოჩნდა, რომ �მიხიჩამ� ნიჭიერი ბავშვების მოძიების ქსელი აამუშავა.
ჯერაც გაუფორმებელი აკადემიის ხელმძღვანელი, ბუნებრივია, თავად რევაზ ძოძუაშვილია, გვერდში კი მურმან ნებიერიძე დაუდგა, თბილისის �დინამოს� ბაზის ყოფილი დირექტორი. ისინი ახლა ფინანსურ პარტნიორს ეძებენ. დაპირებები უკვე არის, მაგრამ რამდენად შესრულებადია ეს ყველაფერი, ამას მომავალი გვიჩვენებს.
ყველაზე უცნაური და საინტერესო კი ის არის, რომ ეს უბაზო გუნდი, სულ 40 მოთამაშე, ძოძუაშვილმა საკუთარი სახსრებით თურქულ შეკრებაზე წაიყვანა და რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა გამართა. და ეს იმ დროს, როდესაც უმაღლესი ლიგის გუნდებიდან უცხოეთში შეკრება მხოლოდ თბილისის �დინამომ�, �ზესტაფონმა� და �გაგრამ� მოაწყვეს. ძოძუაშვილის გუნდმა ხუთი საკონტროლო შეხვედრა გამართა და ხუთივე მოიგო - გერმანიის, თურქეთისა და უკრაინის დაბალი ლიგის კლუბებთან.
როგორც ძოძუაშვილის მეგობარმა მენეჯერმა ჰამლეტ კვარაცხელიამ გვითხრა, რამდენიმე მოთამაშე თურქეთში გასინჯვაზე დაიტოვეს: 22 წლის თავდამსხმელი ნიკა დეისაძე (რომელიც ბოლოს ტყიბულის �მეშახტეში� თამაშობდა), მისი ძმა, 21 წლის ნახევარმცველი გიგა დეისაძე (ტყიბულის �მეშახტე�), 20 წლის ნახევარმცველი ბაჩო კავთელაძე (ბათუმის �დინამო�), თავდამსხმელი რეზო გენებაშვილი (ბოლოს აზერბაიჯანის �განჯაში�თამაშობდა). კვარაცხელიას თქმით, ახლა ეს ოთხეული �საქარიასფორში� ვარჯიშობს.
�ბიჭები თურქეთში ზაფხულამდე დარჩებიან. �საქარიასფორმა� საკუთარ თავზე აიღო ამ ბიჭების ცხოვრება, კვება და სავარჯიშო პირობების შექმნა. დარჩენილ თვეებში ჩვენს ბავშვებს თავის გამოჩენის შანსი მიეცემათ და კონტრაქტზე მოლაპარაკება მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება. ეს ჩვენთვის მისაღები იყო, რადგან ბავშვები უცხო გარემოს შეეგუებიან, კარგ პირობებში თავს უკეთ გამოავლენენ და იმედია, დიდ ფეხბურთს ითამაშებენ�, - ამბობს კვარაცხელია.