R1517GEO | თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-19, 21:23 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| აფხაზეთის მთავრობის სხდომათა დარბაზში ავტონომიური რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა გაიმართა. მასზე სფფ-დან პრეზიდენტი დომენტი სიჭინავა და გენმდივანი რეზო არველაძე ესწრებოდნენ. საპატიო სტუმართა შორის იყო აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამიაც. ათ საკითხად გაწერილი დღის წესრიგი აღმასკომის წევრებმა და სტუმრებმა ზუსტად ერთ საათში “გაიარეს”. ვიდრე აფფ-ის პრეზიდენტი მურად ანჯაფარიძე დღის წესრიგის განხილვას დაიწყებდა, დომენტი სიჭინავამ მისი აზრი, მე-4 საკითხთან დაკავშირებით გამოთქვა. მასში საუბარი უნდა ყოფილიყო 2010 წლის ბიუჯეტის საორიენტაციო პარამეტრების დამტკიცების შესახებ. ცალკეული პარამეტრები შეიძლება კი მოეწონა სფფ-ის თავკაცს, მაგრამ მათი შემაჯამებელი სიდიდე რომ არ ესიამოვნა, თავიდანვე აღნიშნა. 20 ათასი ლარი, იმაზე ორჯერ მეტია, ვიდრე ქვეყნის ფედერაცია აღნიშნულ ორგანოს წლის განმავლობაში ტრადიციულად აფინანსებს საქმიანობის მეტნაკლები წარმატებით წარსამართავად. რეაქციას რეაქცია მოაყოლა ანჯაფარიძემ: “ქვეყანაში არის 4 რეგიონული ფედერაცია, რომელიც მუშაობს - სამეგრელოს, იმერეთის, თბილისის და აფხაზეთის. ამაში ხელს გვიწყობს მსაჯთა კორპუსი და ის სპორტული ბაზები, რომლებზე მზადება ჩვენი ეგიდით მოასპარეზე ფეხბურთელებს დევნილობის პირობებში უწევთ. წელიწადში დაახლოებით 55 ათასი ლარია საჭირო საიმისოდ, რომ სამუშაო გეგმაში შეტანილი პრაქტიკული საკითხები უნაკლოდ განვახორციელოთ. სულ 3 წელი გვჭირდება, რომ ამ ფულით აფხაზეთს პირველი ლიგისთვის შესაფერისი მასშტაბების გუნდი ჰყავდეს, სადაც არც აკინოს ჩამოვიყვანთ და არც სხვა ლეგიონერს - იქ მხოლოდ ადგილობრივები ითამაშებენ”. საქმიან პოლემიკას სფფ-ის ხელმძღვანელის მხრიდან ერთ მეტად საინტერესო საკითხზე ყურადღების გამახვილება მოჰყვა. ფიფას შესაბამისი კონვენცია კლუბებს რეკომენდაციას აძლევს, განხორციელებული ტრანსფერის 5 პროცენტის ოდენობით ე.წ. სოლიდარობის თანხა იმ სკოლას ან სტრუქტურას გადაუხადოს, რომელმაც ფეხბურთელის გაზრდაში მიიღო მონაწილეობა. “კვეკვესკირი, ძალამიძე, კაკუბავა აფხაზეთიდან დევნილები არ არიან. ახლა რომ გაბედავა გაყიდეს, ისიც იქედან არაა? გადაუხადონ ის 5 პროცენტი აფხაზეთის ფედერაციას და მაგ თანხაზე არავინ დაბეგრავთ. ჯანო ანანიძე 300 ათას დოლარად გაიყიდა “სპარტაკში” და ახლა მილიონებზეა ლაპარაკი, მაგრამ რად გინდა - აჭარას ლარი არ მიუღია”, - ასეთი იყო კლუბების მხრიდან ფიფას კონვენციისადმი განურჩეველ პოზიციაზე დომენტი სიჭინავას რეაქცია. აღმასკომის მიერ დამტკიცებული გეგმა, 2010-ში შესასრულებელ საკითხთა შორის, 1 აპრილამდე აფხაზეთის შესაბამისი ასაკობრივი ნაკრები გუნდების შექმნას ითვალისწინებს. სიჭინავა ამ ინიციატივასაც ადეკვატურად გამოეხმაურა - გააკეთეთ ნაკრები და უცხოეთიდან პირველივე შემოთავაზებაზე თქვენს გუნდს გავუშვებო. და მთავარი, რაზეც სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, ქართულ ფეხბურთში სოხუმის “დინამოს” დაბრუნებაა. მან აღმასკომს იმაზე მსჯელობა შესთავაზა, როგორ დაბრუნდეს “დინამო” ამ ეტაპზე მეორე (ალბათ რეგიონალლიგა იგულისხმა) ლიგაში მაინც. აფფ-ის მესვეურთა მხრიდან თავიდან კი იყო მცირედი შესწორება, თუ დაბრუნებაა იმ სახელით უნდა დაბრუნდეს სოხუმის გუნდი, რომლითაც ეროვნულ ჩემპიონატზე უთამაშიაო - “ცხუმი”, მაგრამ სიჭინავა მაინც პირვანდელ პოზიციაზე იდგა. პრეზიდენტის პრინციპულობა კი, როგორც აღმოჩნდა რუსების აქტიურობას უკავშირდება. მოგეხსენებათ, რუსეთის საფეხბურთო კავშირი “აფხაზური” სოხუმის “დინამოს”, მისი ეგიდით ჩატარებულ ჩემპიონატის დაბალ დივიზიონში დაშვებას აპირებს. ბუნებრივია, კლუბის ჩამოყალიბება მარტო სახელის დარქმევა და ჩემპიონატზე დაშვება არაა. დომენტი სიჭინავას ამ საკითხზეც ჰქონდა მოსაზრება: “ფედერაცია ბოლომდე გვერდში დაგიდგებით. ინვენტარს გადმოგცემთ, ზუგდიდში, “ბაიას” ბაზაზე წელიწადში 2-3 შეკრებას მაღალ დონეზე მოგიწყობთ, გუნდის ტრანსპორტირებაში აგერ აფხაზეთის მთავრობა დაგეხმარებათ. კლუბის ღირსეულად გამოსვლა, ბუნებრივია, სხვა ხარჯებსაც მოითხოვს და 3-4 ბიზნესმენის მოძებნა, რომლებიც საამისო თანხას გაიღებს, მგონი, არ უნდა გაგიჭირდეთ”. ბოლოს, ჩვენთვის ერთობ სასიამოვნო პროცედურასაც ჰქონდა ადგილი აფფ-ის აღმასკომის სხდომაზე. ფეხბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის, საპატიო წიგნში “აფხაზეთის ფეხბურთის საუკუნის მემატიანე”, გაზეთი “სპორტული ამბებიც” მოხვდა. წლევანდელ ლაურატთა შორის კიდევ აღმოჩნდნენ სოხუმის რაიონის ფეხბურთის ფედერაციის თავმჯდომარე დემურ კეკელია და საფეხბურთო სკოლა თბილისის “ნორჩი დინამოელი”. ფრიდონ კერვალიშვილი
ერთად უკეთესია!
|
|
| |