მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
სტუმარმოყვარულები
R1517GEOთარიღი: სამშაბათი, 2010-თებ-23, 02:05 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგი ტური სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. ერთადერთი მატჩი, რომელშიც მასპინძელმა ქულის მოპოვება შეძლო, გორში ჩატარდა და იქაც კარგა ხანს მომხვდური გუნდი იგებდა. როგორც იქნა, გატანილი გოლი იხილა მაყურებელმა “დინამოსა” და “ვიტ ჯორჯიას” შორის გამართულ თბილისურ დერბში (1:2). კვლავ გოლგაუტანლად წააგო “ოლიმპთან” “გაგრამ” და იქამდე დაქვეითდა, საიდანაც გზა მხოლოდ პირველი ლიგისკენ მიდის. დაძაბულ ბრძოლაში მოიპოვა ქულები ბოლნისში “ზესტაფონმა”, აი, სამტრედიაში გამართული პაექრობის ხასიათზე კი, სათანადო ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით.

 



თბილისი. 21 თებერვალი, “ამერი”. 400 მაყურებელი.

“გაგრა” - “ოლიმპი” (რუსთავი) 0:2 (0:0)

“გაგრა”:
თევდორაძე, გაბუნია, ჭაავა, ხარაბაძე, ქორთუა, ნიკა ჯიშკარიანი (80, მოსიაშვილი), ნიკა კვასხვაძე, ზვიად ჩხეტიანი, ოქრიაშვილი, პავლიაშვილი (72, გულორდავა), კიკნაძე (66, ჭოხონელიძე).

“ოლიმპი”: ჭანტურია, ღონღაძე, ფრაგა, მაჭავარიანი, გივი კვარაცხელია, აქვსენტი გილაური (86, პავლე დათუნაიშვილი), დობროვოლსკი (46, ჭედია), იმედაშვილი, რევაზ ჯიქია, აკინო (74, რეხვიაშვილი), სანდრო იაშვილი.

გაფრთხილებები:  ჩხეტიანი (13), რეხვიაშვილი (82).

გოლები: 0:1 იმედაშვილი (63), 0:2 ჭედია (73).

მსაჯი: ლევან კვარაცხელია (ზუგდიდი).

შეხვედრის პირველი ტაიმი, ერთი შეხედვით, თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა, მეტოქისთვის სახიფათო აქტიურობა უფრო სტუმრების მხრიდან შეინიშნებოდა. რეალური საგოლე შანსიც პირველად მათ მიეცათ, როცა ბრაზილიელი ანდერსონ აკინო თევდორაძის პირისპირ აღმოჩნდა. ჩემპიონატის მთავარმა მეგოლემ, რომ იტყვიან “თავი ქუდში დაიგულა”, მაგრამ მიზანს მცირედით ააცილა. ეს მოხდა 22-ე წუთზე. ტაიმის დამთავრებამდე ათიოდე წუთით ადრე კი, უკვე გაგრელ თორნიკე ოქრიაშვილს გაუჩნდა თავის გამოჩენის საშუალება - ისიც პირისპირ დარჩა მეტოქის კიპერთან, მოძრაობაში მოატყუა კიდეც ჭანტურია, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმული კარის ბადეს გარედან მოარტყა.

ცნობილია, რომ “ოლიმპის” ბრაზილიელი შუახაზელი როგორც წესი ცენტრიდან უტევს მეტოქის კარს, მაგრამ ამ დღეს აკინო ტრადიციას არღვევდა და მარცხნიდან სურდა გაგრელთა კარის მისადგომებს დამუქრებოდა. სამხრეთამერიკელის ასეთი ქმედება ალბათ იმით იყო გამოწვეული, რომ მასპინძელთა დაცვის მარჯვენა ფლანგი 17 წლის ცოტნე ხარაბაძეს ებარა და რუსთაველთა სამწვრთნელო შტაბმა მიიჩნია, რომ ამ ბარიერის იოლად დაძლევა არ უნდა გასჭირვებოდა. შეიძლება ითქვას, რომ აკინომ ხარაბაძეს ამ დღეს ვერ აჯობა.

სამაგიეროდ, ბრაზილიელმა გოლის თანაავტორობა მიითვალა. 63-ე წუთზე საჯარიმოს კუთხესთან დანიშნული “სტანდარტული” აკინომ დავით იმედაშვილს თავზე `დაასვა~ და მან ჯერ მეტოქის ცენტრალურ მცველთა შეცდომით ისარგებლა, მერე კი საკუთარი კონდიციებით - 0:1. გაგრელებს მიაჩნიათ, რომ ამ დროს გოლის გამტანი თამაშგარეში იდგა.

სტუმრებმა პირველი წარმატებიდან ათ წუთში მეტოქის დაცვას (კერძოდ, ქორთუას) კიდევ ერთი შეცდომა დააშვებინეს და იმედაშვილი ამჯერად თავად გახდა საგოლე პასის ავტორი. გიორგი ჭედია ხელსაყრელ სიტუაციაში აღმოჩნდა და მეკარისაგან ახლო, დაბალ კუთხეში გატანა ტექნიკის საქმე იყო - 0:2.

როგორც ხედავთ, გაგრელებმა “ოლიმპთან” წარუმატებელი ბალანსი ვერაფრით გააუმჯობესეს. ეს ამ გუნდების მე-6 საჩემპიონატო დაპირისპირება იყო და “გაგრამ” მხოლოდ ერთი ნულოვანი ფრე მიითვალა აქტივში. თანაც ისე, რომ რუსთაველებს გოლი ერთხელაც ვერ გაუტანეს.

მატჩის შემდეგ

თემურ მახარაძე (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):
“პირველ ნახევარში მაგარი ბრძოლა იყო. ჩვენი ფეხბურთელები უფრო გამოცდილები და ბურთთან ურთიერთობაში გაცილებით ტექნიკურები არიან, მაგრამ იმ მოედანზე, სადაც თამაში მოგვიწია, ბურთის გაგორებაზე ლაპარაკიც ზედმეტია. სწორედ ამის გამო, ბურთი უფრო მეტად ჰაერში იყო, ვიდრე მიწაზე. მეორე ტაიმში ჭედიას შემოშვებით, თამაში პრაქტიკულად 4 ნომინალური თავდამსხმელით დავიწყეთ, რამაც შედეგი გამოიღო”.  

კახი კარანაძე (“გაგრას” მთავარი მწვრთნელი): “ბიჭებმა იბრძოლეს, უფრო გამოცდილ მეტოქეს არ შეუშინდნენ. მეორე ტაიმში ჩემი აზრით, მსაჯს შეცდომა მოუვიდა, როცა ჩვენს სასარგებლოდ არ დადო ჯარიმა, მერე იქვე ჩვენ დავჯარიმდით და პირველი გოლი გავუშვით. ვიდრე ვიდეოგამეორება არ გვინახავს, ვერ ვიტყვი, რომ გოლის ავტორი თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა სათადარიგოთა სკამიდან ასე გამოჩნდა. ახალგაზრდებისთვის კი, როცა ასეთ გამოცდილ მეტოქესთან თანაბრად ბრძოლობ, ასეთ სიტუაციაში გაშვებული გოლი, ცოტა არ იყოს რთული გადასატანია. მერე ცოტა ხანში მორიგი ბავშვური შეცდომა დაუშვა ცენტრალურმა მცველმა, “ჩააბარეს” ბურთი ჭედიას და კიდევ ერთი გოლი გავუშვით”.



 



სამტრედია. 21 თებერვალი, “ეროსი მანჯგალაძე”. 2000 მაყურებელი.

“სამტრედია” - “ბაია” (ზუგდიდი) 0:1 (0:0)

“სამტრედია”: 
ირაკლი შენგელია, გოგია, ჟვანია, კუპრეიშვილი, ნინუა (70, ბარამიძე), ქორიძე, სამსეიშვილი, ჩომახიძე, შალვა ფირცხალავა (46, ზაურ ხაჭიპერაძე), ჩალაძე, ეცადეიშვილი (66, დარბაიძე).

“ბაია”: სომხიშვილი, კვეკვესკირი, სევასტი თოდუა, კვესეიშვილი, ლუნგუ (89, ეხვაია), როინ ონიანი, ყველაშვილი, ვართაგავა, ბაკარანძე (84, გიორგი ქირია), აკობია, ფიფია (66, სიხარულია).

გაფრთხილებები: სომხიშვილი (57), კვეკვესკირი (65), თოდუა (88), ეხვაია (90+2).

გოლები: 0:1 როინ ონიანი (53).

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).

სამტრედიელებმა ზედიზედ მეოთხე (აქედან სამი ახალი წლის შემდეგ) შეხვედრა წააგეს ეროვნულ ჩემპიონატზე. თან ეს ბოლო მარცხი ისეთ მეტოქესთან და ისეთ უდროო დროს მოუვიდათ, ერთგვარ ეჭვებს ბადებს.

ჩვენთვის ძნელია უნახავი მატჩის საეჭვოობაზე მსჯელობა თუმცა, როცა მატჩის შემდგომი კომენტარისთვის შენს სატელეფონო ზარს ავტომატურად უპასუხოებში გადაამისამართებენ, მთლად სასიამოვნო ვერ უნდა იყოს.   



მატჩის შემდეგ

ელგუჯა ქომეთიანი (“ბაიას” მთავარი მწვრთნელი): “უპირატესობა კი არ გვქონდა, მაგრამ ვთვლი, რომ გაგვიმართლა. ჩვენი ბიჭების მხრიდან დიდი მონდომება, თავ¬დადება იყო და ძირითადად ამის ხარჯზე მოვიგეთ. ხომ იცით, სამტრედიაში სტუმარი გუნდისთვის რთული სათამაშოა - მაყურებლის მხურვალე მხარდაჭერის გამო”.  



 



ბოლნისი. 21 თებერვალი, “თამაზ სტეფანია”.

“სიონი” (ბოლნისი) - “ზესტაფონი” 0:1 (0:0)

“სიონი”:
ბობღიაშვილი, კობაური, ქემოკლიძე, ზაზა ჭელიძე, რაქვიაშვილი, ლაშა ნოზაძე, უგრეხელიძე, გიორგი მელქაძე (72, ლევან მერებაშვილი), ირაკლი შენგელია (79, ისიანი), უგულავა (46, მაისურაძე), ლევან მელქაძე.

“ზესტაფონი”: როინ კვასხვაძე, ბენაშვილი, გიორგი ონიანი, მამუკა კობახიძე, ელიავა, ცხადაია (52, წინამძღვრიშვილი), ძარია (83, ჩიხლაძე), გრიგალაშვილი, აფციაური, ლევან კორღალიძე (72, მიქაბერიძე), დვალი.

გაფრთხილებები: ქემოკლიძე (28), რაქვიაშვილი (35), ბენაშვილი (68).

გოლები: 0:1 დვალი (86).

მსაჯი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი).

ბოლნისელებმა სტუმრებს არაფერი დაუთმეს და მოგებასთან თუ არა ქულის მოპოვებასთან მაინც ძალიან ახლოს იყვნენ. ყოველ შემთხვევაში, როცა 85 წუთის განმავლობაში დაიცავ კარს და მცველების მიუტევებელი შეცდომის გამო გაუშვებ ერთადერთ გოლს, დასანანია. ეს “სიონის” მესვეურთა მხრიდან. აი, ზესტაფონელთა პოზიციიდან კი, ყველაფერი სხვაგვარად მოჩანს - გუნდს აქცენტი თავდასხმაზე ჰქონდა გაკეთებული და როცა მატჩის ბოლო წუთებზე გააქვს გოლი, “სამართალმა პური ჭამაო” იტყვიან ხოლმე.

შეხვედრაში გატანილ ერთადერთ გოლს რაც შეეხება, იგი, როგორც ზემოთ ვთქვით, მასპინძელი მცველების მიუტევებელ შეცდომას მოჰყვა. სიონელებმა, უფრო მოედნის ცენტრთან სიახლოვეში ელემენტარულ სიტუაციაში დაკარგეს ბურთი, მას იმერელთა კაპიტანი თორნიკე აფციაური დაეუფლა, რომელმაც ზუსტი პასით ჯაბა დვალი გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე. როგორც კი ბურთი მოიხელთა, “ზესტაფონის” მეგოლემ იგი ბობღიაშვილის კარისკენ გაგზავნა. კიპერი უძლური აღმოჩნდა და სტუმრებმა იმარჯვეს - 0:1.



მატჩის შემდეგ

გია გეგუჩაძე (“ზესტაფონის” მთავარი მწვრთნელი):
“ძალიან რთული თამაში გვქონდა. მეტოქე კონტრშეტევებზე გვეთამაშებოდა და ამდენად, მათი დაცვის მიერ მჭიდროდ ჩაკეტილი იყო საჯარიმოს მისადგომები. ბოლოს აქცენტი შედეგზე გავაკეთეთ და გაგვიმართლა. ასეთ მძიმე გრუნტზე კომბინაციური თამაშის ჩვენება, პრაქტიკულად გამორიცხული იყო. აქედან გამომდინარე, თამაშის ხარისხით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ 3 ქულის აღებამ ხასიათი ცოტათი გამომიკეთა”.

ხვიჩა ქასრაშვილი (“სიონის” მთავარი მწვრთნელი): “ჩემი აზრით, იმ თამაშით, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ, ფრე იქნებოდა გულდასაწყვეტი და როგორც ნახეთ, წავაგეთ.   კარში ერთხელ დაარტყეს და გაგვიტანეს”.



 



გორი. 21 თებერვალი, “თენგიზ ბურჯანაძე”. 150 მაყურებელი.

“სპარტაკი” (ცხინვალი) - “ლოკომოტივი” (თბ.) 1:1 (0:1)

“სპარტაკი”:
ბათიაშვილი, ბაქრაძე, მგელაძე, ფოფხაძე, თარხნიშვილი, კანდელაკი (61, ჩივაძე), ბოიომო, ჩირიკაშვილი, ნიკა მაისურაძე, დეკანოიძე (46, მედ ნალო), ბუზალაძე (46, კლოვისი).

“ლოკომოტივი”: ქვილითაია, ხუმარაშვილი, ლევან ჩაგელიშვილი, ვეკუა, სარალიძე, დიაკვნიშვილი, ბონდო გოცირიძე (66, კაჭახიძე), ლაშა ქებაძე, კაკულია (46, წულაძე), გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძე (82, ჩიკვაიძე), მეტრეველი.

გაფრთხილებები: მეტრეველი (15), მაისურაძე (44), წულაძე (50), ქებაძე (75), კაჭახიძე (80).

გოლები: 0:1 ბონდო გოცირიძე (36), 1:1 ჩირიკაშვილი (68).

მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი (ქუთაისი).

აშკარად უკეთესობისაკენაა საქმე “ლოკომოტივში”. ფეხბურთი, ყველაფერთან ერთად, სტატისტიკაცაა და თუ მასში ჩავიხედავთ, ვნახავთ, რომ “რკინიგზელები” ზედიზედ მეოთხე შეხვედრას არ აგებენ.  მართალია, ვერც იგებენ, მაგრამ დასაწყისისთვის არც ეს უნდა იყოს ურიგო. უცნობია, ეყოფათ თუ არა გელა სანაიას შეგირდებს ჩემპიონატის დასრულებამდე დარჩენილი დრო ლიგაში დარჩენისთვის აუცილებელი ქულების დასაგროვებლად, მაგრამ ერთი რამ უდავოა - თუ გუნდის ხელმძღვანელობა ბირთვს შეინარჩუნებს, პირველი ლიგა ნამდვილად გაძლიერდება.

თბილისელთა ახალგაზრდა კოლექტივი ახლოს იყო ამ მატჩის მოგებასთან. საამისოდ მათ პირველ ტაიმში გაცილებით მეტი გააკეთეს, ვიდრე მეორეში და აკი ანგარიშშიც დაწინაურდნენ. 36-ე წუთზე გა-მოცდილმა ზვიად მეტრეველმა ბურთი კუთხურის ალამთან მიიღო და მეტოქეს არ დაანება. ორთაბრძოლაში გამარჯვებულმა ჭელიძე შენიშნა დროულად, რომელმაც საჯარიმოს კუთხიდან მაღალი გადაცემა სპარტაკელთა “ჩათვლის მოედანში” გააკეთა. იქ ყველაზე მაღლა ბონდო გოცირიძე ახტა, რომელმაც ტანმორჩილობის მიუხედავად, ცხინვალელთა ყველა ტანმაღალ მცველს აჯობა - 0:1.

შესვენების დამთავრებისთანავე, მასპინძელთა თავკაცმა ვოვა ხაჩიძემ ერთბაშად ორი უცხოელი (კლოვისი, მედ ნალო) შეუშვა მოედანზე, რომლებითაც ჭაბუკი დებიუტანტები (დეკანოიძე, ბუზალაძე) ჩაანაცვლა. “სპარტაკმა” თამაში საგრძნობლად გააუმჯობესა და 68-ე წუთზე საწადელსაც მიაღწია - თავი ირაკლი ჩირიკაშვილმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში სტუმრებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, თუმცა ვა-ბანკზე წასვლას, ისევ ქულის შენარჩუნებაზე ფიქრი ამჯობინეს და ბოლოს საწადელს მაინც მიაღწიეს - 1:1.   



მატჩის შემდეგ

გელა სანაია (“ლოკომოტივის” მთავარი მწვრთნელი):
“ძალიან კარგად ვითამაშეთ. მეტოქეს, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, ვჯობდით. მეორეში ტერიტორიული უპირატესობა კი ჰქონდათ, მაგრამ უფრო მეტი რეალური საგოლე მომენტი ჩვენ შევქმენით. შეიძლება იმის თქმა, რომ ჩვენ დავკარგეთ 2 ქულა და მაგათ იქედან ერთი იპოვეს”.


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010