ვანკუვერში ზამთრის ოლიმპიადაზე მიმდინარე ფიგურული სრიალის ტურნირზე, ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის ქართულმა წყვილმა სამი დისციპლინის ჯამში ოცდამეორე შედეგი აჩვენა და ბოლოსწინა ადგილი დაიკავა.
ჯაფარიძემ და რიდმა 22 თებერვალს კლასიკურ მუსიკაზე დადგმული სავალდებულო პროგრამისთვის 63.45 ქულა დაიმსახურეს, ქართულ ფოლკლორულ მოტივებზე შექმნილ ორიგინალურ ცეკვაში – 42.22, ხოლო თავისუფალ პროგრამაში ტანგოს შესრულებისთვის – 26.65 ქულა.
სამი დღის შედეგებით, ქართულ წყვილს 132.32 ქულა დაუგროვდა, რაც 15 ქვეყნის წარმომადგენელ 23 დუეტს შორის 22-ე ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი. ჯაფარიძისა და რიდის უკან მხოლოდ ესტონური წყვილი (შტორკი-რანდი) აღმოჩნდა, რომელმაც თავი 115.81 ქულას მოუყარა.
22 წლის ჯაფარიძისა და 15 წლის რიდის წყვილს ოლიმპიადაზე ბოლო რეიტინგი ჰქონდა. ოთარმა და ელისონმა ერთად ვარჯიში მხოლოდ შვიდი თვის წინ დაიწყეს და ვანკუვერის თამაშები მათთვის მხოლოდ მესამე საერთაშორისო სტარტი იყო.
მარტის ბოლოს ტურინში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება და იმედი ვიქონიოთ, რომ ქართული ტანდემი იქ უფრო დამაჯერებლად გამოვა. აქვე დავძენთ, ოლიმპიადაზე იაპონიის სახელით მოასპარეზე ელისონის და-ძმამ – კეტი და კრის რიდებმა 159.60 ქულით მე-17 ადგილი დაიკავეს.
ყინულზე ცეკვებში ოლიმპიური თამაშების ჩემპიონები კანადელები ტესა ვირტუე და სკოტ მოირი (221.57 ქულა) გახდნენ, ვერცხლის მედლები ამერიკელებს მერილ დევისსა და ჩარლი უაიტს (215.74) ერგოთ, ხოლო ბრინჯაო რუსებს – ოქსანა დომნინასა და მაქსიმ შაბალინს (207.64).
ქართული დელეგაციის მთავარი იმედი ელენე გედევანიშვილი მოციგურავე ქალთა შეჯიბრში 24 თებერვლის დილას, თბილისის დროით 04.30 საათიდან ჩაებმება. მოკლე პროგრამაში მონაწილეობას 30 გოგონა მიიღებს, ელენე კი ყინულზე მე-16 ნომრად გავა. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის ევროპის ჩემპიონატზე გედევანიშვილმა კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ფიგურული სრიალი. ყინულზე ცეკვა
1. ვირტუე-მოირი (კანადა) 221.57
2. დევისი-უაიტი (აშშ) 215.74
3. დომნინა-შაბალინი (რუსეთი) 207.64
...22. რიდი-ჯაფარიძე (საქართველო) 132.32