დავით კოხრეიძე ქუთაისიდან
დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის, რომელსაც ქუთაისის სპორტის სასახლე ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა. ტურნირის პირველმა დღემ აჭარელი მოჭიდავეების ტრიუმფით ჩაიარა. ოთხი წონითი კატეგორიიდან სამში ზღვისპირელებმა გაიმარჯვეს. 50კგ-ში აჭარული ფინალი შედგა - ბაჩანა ფუტკარაძემ თორნიკე მახარაძეს სძლია. 55 კგ-ში ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა მინდია წულუკიძემ გაიმარჯვა, რომელმაც ფინალში სამტრედიელი გოგიტა გოგიბერაშვილი დაამარცხა. საინტერესოა, რომ გოგიტას ძმა, 60კგ-ში მოასპარეზე გოგა გოგიბერაშვილი ფინალში ასევე აჭარის წარმომადგენელ ქემალ ხარაბაძეს შეხვდა და ძმის დარად ისიც მეორე ადგილს დასჯერდა. პირველ დღეს ერთადერთი არააჭარელი ჩემპიონი 66 კგ-ში გამოვლინდა, რომელშიც სენაკელმა საჩინო დავითაიამ გაიმარჯვა.
საინტერესო გამოდგა ტურნირის მეორე დღეც. დაძაბულად წარიმართა 84 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე დავით ჩაკვეტაძისა და რევაზ ნადარეიშვილის ფინალური დაპირისპირება. საჩემპიონო პაექრობამდე ჩაკვეტაძემ ოთხივე მეტოქეს დამაჯერებლად მოუგო, ნადარეიშვილთან ჭიდაობა კი ცოტა გაუჭირდა. გამარჯვებულის ბედი მესამე პერიოდში გადაწყდა, სადაც უკეთ ჩაკვეტაძე გამოიყურებოდა და ფინალიც მისი გამარჯვებით დასრულდა. ამავე წონაში გამოდიოდა ქუთაისელი გიორგი ღვინიაშვილი, რომელზეც ადგილობრივები დიდ იმედებს ამყარებდნენ და მისგან პირველობას მოელოდნენ, თუმცა გიორგი ამ ეტაპზე მესამე ადგილს დასჯერდა. საინტერესო იყო 120 კგ-ში ძმების, სერგო და შოთა გოგისვანიძეების ფინალური პაექრობა. �ოჯახურ ფინალში�, რომელიც საკმაოდ უშეღავათოდ წარიმართა გამარჯვება და ჩემპიონის ოქროს მედალი უფროსმა ძმამ, სერგო გოგისვანიძემ მოიპოვა.
ვლადიმერ ადეიშვილი (საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი): �საქართველოს ნაკრები წლეულს ბულგარეთში ევროპის ჩემპიონატზე და უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. გუნდი ძირითადად საქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებული მოჭიდავეებით დაკომპლექტება, თუმცა ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასარკვევი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონები გახდნენ, ამ ბიჭებს ნაკრებში ადგილი არა აქვთ დაბევებული. ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებამდე საერთაშორისო ტურნირებში მივიღებთ მონაწილეობას, ოთხი საერთაშორისო ტურნირი გვაქვს დაგეგმილი და ნაკრები საბოლოოდ ამის შემდეგ დაკომპლექტება. შარშან გვქონდა ისეთი მაგალითები, როცა მეორე ადგილზე გასული მოჭიდავე მოხვდა პირველ გუნდში და ეს ახლაც არ არის გამორიცხული. გარდა ამისა, ჩემპიონატში არ უჭიდავია 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე არსენ კახაბრიშვილს, რომელიც უდავოდ წონის ლიდერია. მან წლეულს დიდებში მესამე ადგილი დაიკავა და ახლახან ნძაკრების რიგებში ერევანში მსოფლიო თასზე იჭიდავა, ეს ტურნირები ერთმანეთს დაემთხვა და საქართველოს ჩემპიონატიდან გათავისუფლებული იყო... სხვა მხრივ, ჩემპიონატმა სიურპრიზების გარეშე ჩაიარა. შეჯიბრების დაწყების წინ ვისაც ვვარაუდობდი, თითქმის ყველა ჩემპიონი გახდა. ბიჭებმა მონდომება გამოავლინეს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, გაცილებით მაღალ დონეს ველოდი�.
კვარცხლბეკი
50 კგ
1. ბაჩანა ფუტკარაძე (აჭარა)
2. თორნიკე მახარაძე (აჭარა)
3. ნიკა ცეცხლაძე (აჭარა)
3. რომან ჩავჩიძე (ქუთაისი)
55 კგ
1. მინდია წულუკიძე (აჭარა)
2. გოგიტა გოგიბერაშვილი (სამტრედ.)
3. მირზა ვანაძე (აჭარა)
3. გენადი ქუთათელაძე (წყალტუბო)
60 კგ
1. ქემალ ხარაბაძე (აჭარა)
2. გოგა გოგიბერაშვილი (სამტრედია)
3. როინ ძირკვაძე (აჭარა)
3. ფირუზ წულუკიძე (აჭარა)
66 კგ
1. საჩინო დავითაია (სენაკი)
2. დავით ტაკაშვილი (გარდაბანი)
3. გოჩა კოკობინიძე (აჭარა)
3. გიორგი დავითაია (სენაკი)
74 კგ
1. უშანგი ჩიტიაშვილი (გარდაბანი)
2. პაატა ბაკურაძე (აჭარა)
3. გიორგი დათუნაიშვილი (თბილისი)
3. ზურაბ დათუნაიშვილი (თბილისი)
84 კგ
1. დავით ჩაკვეტაძე (ქუთაისი)
2. რევაზ ნადარეიშვილი (თბილისი)
3. გიორგი ღვინიაშვილი (ქუთაისი)
3. დავით ხეთაგური (თბილისი)
96 კგ
1. ბექა ჩოფლიანი (ოზურგეთი)
2. ირაკლი ქაჯაია (წყალტუბო)
3. ამირან ზარნაძე (თერჯოლა)
3. სანდრო დიხამინჯია (თბილისი)
120 კგ
1. სერგო გოგისვანიძე (ქუთაისი)
2. შოთა გოგისვანიძე (ქუთაისი)
3. ლევან არაბული (თბილისი)
3. ირაკლი უჩუმბეგაშვილი (თბილისი)