მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
გამარჯვებული დინამოა
alligator2591თარიღი: შაბათი, 2010-თებ-27, 00:04 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 34
 წევრი No.: 100
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01






მერაბ მამულაშვილი

11-25 თებერვალს რუსთავში ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი ბენდელას თასის მე-19 გათამაშება გაიმართა. დარბაზის ყველაზე პოპულარული ქართული გათამაშება სტანდარტულ მოედანზე პირველად ჩატარდა და ამიერიდან, გართობითი ფუნქციის ნაცვლად, გუნდების სეზონისთვის მომზადების როლი დაეკისრა.

მეცხრამეტე გათამაშებაში მონაწილეობდნენ თბილისის დინამოს, რუსთავის ოლიმპის, გაგრას და ზესტაფონის დუბლშემადგენლობები, აგრეთვე, რეგიონალლიგის დუშეთი.

ფინალამდე დინამომ და ზესტაფონმა მიაღწიეს. მანამდე, ზესტაფონმა რუსთავის ოლიმპთან 1:2 წააგო. იმერლებმა თბილისის დინამოსთანაც დათმეს - 3:5. პირველად კი მესამე ტურში, დუშეთთან გაიმარჯვეს - 2:1. ბოლო მატჩში ზესტაფონმა გაგრას დუბლშემადგენლობასაც იმავე ანგარიშით (2:1) სძლია, ჯგუფური ეტაპი 6 ქულით დაასრულა და მეორე ადგილზე გავიდა, რაც ფინალში თამაშის უფლებას იძლეოდა.

ჯგუფური ეტაპის გამარჯვებული კი დინამო გახდა, რომელმაც ყველა შეხვედრა მოიგო - პირველ ტურში გაგრას 5:0 სძლია, მერე 7:2 დუშეთს. შემდეგ იყო ხსენებული 5:3 ზესტაფონთან და ბოლოს 1:0 მასპინძელ ოლიმპთან.

ფინალი კი გუშინ რუსთავის ფოლადის სტადიონზე გაიმართა: შეხვედრა დაძაბული, ლამაზი და უხვგოლიანი აღმოჩნდა. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა - 3:3. დინამოსგან თავი ხაზალიამ, იჩქითმა და კეკელიამ გამოიჩინეს. ზესტაფონიდან კი გოლები ჩიხლაძემ (2) და ლომიამ მიითვალეს. პენალტების სერია უკეთ შეასრულეს დინამოელებმა - 5:4. მოკლედ, ტურნირის მსვლელობისას მეტოქე მეორედ დაამარცხეს და ბენდელას თასს დაეუფლნენ.

ტურნირის ორგანიზატორებმა სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოებიც დაასახელეს:

მეკარე: ნუგზარ ლობჟანიძე (ოლიმპი).

მცველი: გურამ მინდორაშვილი (დინამო)

ნახევარმცველი: ვალერი კილასონია (ოლიმპი)

თავდამსხმელი: საბა ლომია (ზესტაფონი)

ბომბარდირი: ნიკოლოზ ჩიხლაძე (ზესტაფონი, 4 გოლი)

ყველაზე მებრძოლი ფეხბურთელი: როსტომ გეწაძე (ზესტაფონი)

აღმოჩენა: ზურაბ ღირდალაძე (ზესტაფონი, 15 წლის)

სიმპათია: შალვა კვანტალიანი (გაგრა)

საუკეთესო ფეხბურთელი: რობერტინიო (დინამო)

მწვრთნელები: დავით კევლიშვილი (დინამო) და გურამ ასპინძელაშვილი (ზესტაფონი).

საუკეთესო მოთამაშეებისთვის პრიზები და ფულადი ჯილდო (200 ლარი) ქვემო ქართლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით კირკიტაძემ დააწესა, ფინალს ტურნირის პარტნიორები, სპორტის დეპარტამენტისა და ფეხბურთის ფედერაციის თავკაცები (დავით ნამგალაური და ზვიად სიჭინავა) ესწრებოდნენ და გამარჯვებულ დინამოს თასი, გამორჩეულ მოთამაშეებს კი პრიზები გადასცეს.

ფულადი ჯილდო იყო გათვალისწინებული ცნობილი მწვრთნელის, თენგიზ კუბლაშვილისთვის, რომელიც ბენდელას დაარსების სათავეებთან იდგა.

კმაყოფილი ვარ, ხოლო რაც შეეხება იმას, გაამართლა თუ არა ბენდელას ახალმა ფორმატმა, ამაზე სპეციალისტებმა ილაპარაკონ. ვფიქრობ, დუბლშემადგენლობების სეზონის დაწყებამდე და ტალანტების აღმოსაჩენად ბენდელას ასეთი გათამაშება საჭიროცაა და აუცილებელიც. პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ გმირებს დაფასება სჭირდებათ, ფეხბურთს კი მიხედვა. ჩვენმა თანამდგომებმა, ქვემო ქართლის ადმინისტრაციამ, ფეხბურთის და თბილისის ფედერაციებმა, სპორტის დეპარტამენტმა ყველაფერი გააკეთეს, ორივე ეს საქმე კარგად რომ გამოსულიყო. მადლობა უნდა ვუთხრა რუსთავის მეტალურგიული ქარხნისა და ფოლადის სტადიონის ადმინისტრაციებს, რომლებმაც ბენდელას ორგანიზაციაში უდიდესი დახმარება გაგვიწიეს. მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ იმ ადამიანების დამსახურებას, რომლებიც გვერდში გვიდგანან. ეს ჩემი ახირება არ არის, ის ხალხი უნდა დავაფასოთ, ვინც პიროვნულად გვერდში დაუდგა არა ქართლოს ჭუმბურიძეს, არამედ გმირი ვაჟკაცის ხსოვნას ეთაყვანება და ქართული ფეხბურთისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ამ ტურნირის მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა, - გვითხრა ბენდელას თასის დამაარსებელმა და ორგანიზატორმა ქართლოს ჭუმბურიძემ.

 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010