დავით კოხრეიძე სამტრედიიდან
სამტრედიამ ჩემპიონატის მეორე ეტაპი ზედიზედ სამი წაგებით დაიწყო, თუმცა თუ ამ გუნდის მებრძოლ სულსა და მონდომებულ თამაშს გავითვალისწინებთ, იმერლებისგან სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდეთ. გუნდის პრეზიდენტი ზაზა ადეიშვილი ყველაფრის მიუხედავად იმედიანადაა განწყობილი და გუნდს უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას კი არა, მე-5 ადგილზე გასვლას უსახავს მიზნად. სამტრედიის პრეზიდენტმა ჩვენთან საუბარი ლელოში ამას წინათ გამოქვეყნებული ინტერვიუს გამოხმაურებით დაიწყო, სადაც გუნდის ყოფილი ფეხბურთელი ლაშა ვაშაკიძე სამტრედიაში შექმნილ რთულ პირობებზე საუბრობდა...
- ამას წინათ, ლელოში ჩვენი ყოფილი ფეხბურთელის ლაშა ვაშაკიძის ინტერვიუ დაიბეჭდა, სადაც ფეხბურთელმა ისეთი თემა გააჟღერა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისი ნათქვამი გულზე მომხვდა პირადად მეც და გუნდის ყველა წევრსაც. ადამიანი, რომელიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ჩვენს ჭირსა და ლხინს იზიარებდა, ძალიან ცუდი ტონით ლაპარაკობს ყოფილ გუნდზე. სიღარიბე არ არის კაცის ცოდვა. არ ვმალავ, რომ სამტრედია ღარიბი, მწირი ბიუჯეტის გუნდია, მაგრამ ამ გუნდში ფეხბურთელებს პატივს სცემენ და მათ მინინალურ პირობებს უქმნიან. შემიძლია ღმერთის წინაშე დავიფიცო, რომ ჩვენი გუნდი მხოლოდ ძეხვით არ იკვებება. ჩვენს ფეხბურთელებს საკმაოდ ნორმალური კვება და მინიმალური სავარჯიშო პირობები აქვთ. ასე რომ არ იყოს, ის შედეგიც არ მოვიდოდა, რომელსაც გუნდმა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მიაღწია. როგორც ხედავთ, სამტრედიაში ყოველთვის ივსება სტადიონი და არც ამ რაოდენობის გულშემატკივარი მოვიდოდა სტადიონზე, სამტრედიაში ფეხბურთელებისა და ფეხბურთის მიმართ აგდებული დამოკიდებულება რომ ყოფილიყო...
- თუ მისი ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამება, ყოველივე ამის გამოგონება რაში უნდა დასჭირვებოდა?
- ლაშა ვაშაკიძე ძალიან მიყვარს როგორც ფეხბურთელი და პიროვნება. პირადად მე მისი გუნდში დატოვების მომხრე ვიყავი, მაგრამ მწვრთნელებმა სხვა გადაწყვეტილება მიიღეს. სამწუხაროდ ლაშამ ხასიათის ცუდი შტრიხი გამოავლინა და გული გვატკინა. ასე არ შეიძლება, რაც უფრო ნაკლებბოღმიანი იქნები კაცი, მით უფრო დაგიფასდება შრომა. გუნდიდან რომ მიდიოდა, მოვეფერე და ვუთხარი, ლაშა, ასე ხდება ხოლმე, გუნდიდან მიდიან და ისევ ბრუნდებიან, გამიხარდება, თუ სექტემბერში ისევ ჩემს გუნდში გიხილავ-მეთქი... მაგრამ ახლა ნაკლებად მაქვს ამის სურვილი.
- ამჟამად როგორი მდგომარეობაა გუნდში?
- გუნდში არის კარგი ატმოსფერო. ფეხბურთელებს მინიმალური სავარჯიშო და სათამაშო პირობები აქვთ და უკმაყოფილონი არ არიან. ორ აღიარებულ ლიდერს ზესტაფონს და ოლიმპს თანაბრად ვეთამაშეთ. ფორტუნას ზურგი რომ არ შეექცია, არც ერთი თამაში სამტრედიას წასაგები არ ჰქონდა. ლიდერებთან დაპირისპირებამ დიდი ენერგია წაიღო, ამას ტრავმები და დისკვალიფიკაციები დაემატა, რომელსაც - არ შევუშინდები და ვიტყვი, რომ ოლიმპთან მატჩის განმსჯელმა ხეცაძის მსაჯთა ბრიგადამაც შეუწყო ხელი. ბაიასთან გუნდი თითქმის განახევრებული იყო, ძირითადის 4-5 კაცი გვაკლდა და ამიტომ თავიდანვე ვშიშობდი, რომ ზუგდიდელებთან პრობლემები შეგვექმნებოდა...
- თქვენი აზრით, ზამთრის პაუზისას გუნდი გაძლიერდა თუ დასუსტდა? ახალწვეულების თამაშით რამდენად კმაყოფილი ხართ?
- ვფიქრობ, ზამთრის შესვენება ჩვენთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, ერთ-ორ მათგანზე მართლაც დაგვწყდა გული, მაგრამ ხარისხობრივადაც და რაოდენობრივათაც სამტრედიაში გუნდისთვის გაცილებით სასარგებლო ფეხბურთელები მოვიდნენ და ეს სულ მალე გამოჩნდება. აღვნიშნავდი, სამტრედიელი დემურ სამსეიშვილის კარგ დაბრუნებას გუნდში, რომელიც ერთი წელი ბათუმის დინამოში თამაშობდა. ძალიან სასარგებლო ფეხბურთელია გოგიტა ილურიძე. საინტერესო ბიჭები არიან აკაკი კუპრეიშვილი, ლაშა ჩალაძე და გიორგი დარბაიძე. დარწმუნებული ვარ, მათი დახმარებით სამტრედია კიდევ ბევრ სიურპრიზს შესთავაზებს გულშემატკივრებს.
- გუნდის მიზნებზე რას იტყვით?
- წინა ტურებში არც ერთი წასაგები თამაში არ იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ქულის აღება ვერ მოვახერხეთ. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი მიზანი მაქსიმალური ქულების დაგროვებაა. ის რომ სამტრედიამ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოლოს ეს ცოტა მოკრძალებული ამოცანაა ამ გუნდისთვის. პირადად მე გუნდს მე-5 ადგილს ვუსახავ მიზნად და ვნახოთ რა გამოვა. სამტრედიას ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.