დავით ცაბაძე შესაძლოა, რამდენიმე ჭაბუკი ფეხბურთელი ჩვენს ლეგიონერთა იმ ტალღას შეუერთდეს, რომლებიც რუსეთში ასპარეზობენ. საუბარია 19-წლამდელთა ნაკრების რამდენიმე მოთამაშეზე, რომლებიც უკვე რუსულ კლუბებში ტესტირებაზე არიან და ამხანაგურ შეხვედრებშიც მიიღეს მონაწილეობა.
როგორც გავიგეთ სანკტ პეტერბურგის ზენიტის დუბლებთან ერთად ანთალიაში საბა კვირკველია ემზადება. ამ ტანმაღალმა ცენტრალურმა მცველმა 19-წლამდელთა ნაკრებში გასულ შემოდგომაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ რაუნდში იასპარეზა. კვირკველიამ ბოლოს ზენიტის სარეზერვო გუნდში პოლონური ვიძევის წინააღმდეგ 90 წუთის განმავლობაში ითამაშა. ზენიტის დუბლები მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ მიღებული გოლში ჩვენებური მცველის წვლილი არ ყოფილა. პირიქით, კვირკველიამ საიმედოდ ითამაშა და თანაგუნდელებს შეტევაშიც ეხმარებოდა. ერთი სიტყვით, ნევისპირელთა სარეზერვო გუნდის მწვრთნელებს კვირკველია მოსწონთ და მისი საკითხს მარტის პირველ ნახევარში გადაწყვეტენ.
მოსკოვის ლოკომოტივის დუბლებთან ერთად ორი ქართველი ჭაბუკი ფეხბურთელია, შემტევი ნახევარმცველი ლაშა ჩაფიძე და მეკარე თორნიკე ნიორაძე. ჩაფიძე და ნიორაძე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ, რკინიგზელთა კლუბის მწვრთნელები მათზე დაკვირვებას აგრძელებენ.
...და კიდევ ერთი, მოსკოვის სპარტაკის სარეზერვო გუნდში, დათი ხოჭოლავასთან ერთად, კიდევ ერთი ჩვენებური ჭაბუკი მოთამაშე, შემტევი ნახევარმცველი ლევან ელიზბარაშვილია.
ერთი სიტყვით, რუსეთს კიდევ 4-5-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიაშურა. ვნახოთ, მათი ბედი მარტში გადაწყდება.