მერაბ მამულაშვილი გიორგი ფეიქრიშვილი ყაზახეთის ჩემპიონატის მონაწილე ატირაუში დარჩა და როგორც ამბობს, არც ნანობს. ამჟამად კლუბი მისთვის მისაღებია და შესაძლოა, მოქალაქეობაც შეიცვალოს.
26 წლის ნახევარმცველი ყაზახეთში თბილისის დინამოდან გადავიდა. გასულ სეზონში გიორგი ყაზახეთის თასის მფლობელი გახდა და ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს, გულშემატკივარებმა კი ატირაუს სეზონის ფეხბურთელად აღიარეს და მეორე ადგილზე გასული დენის ზუბკო (რუსეთის ნაკრების ყოფილ თავდამსხმელი) დიდი სხვაობით ჩამოიტოვა.
როგორც ცნობილია, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ოლიმპს ყველა რგოლში სურდა გაძლიერება და წინადადებით ფეიქრიშვილისაც მიმართეს.
კლუბის ხელმძღვანელობასაც ველაპარაკე და რა დასამალია, დაბრუნების წინააღმდეგი არ ვიყავი, რადგან თავადაც რუსთაველი ვარ. ოლიმპი ჩემპიონობისთვის იბრძვის და საკუთარი ქალაქის წარმატებაში მონაწილეობა მსურდა. თუმცა, ეს შეუძლებელი იყო, რადგან ამ დროისთვის ატირაუს ხელმძღვანელობასთან კლუბში დარჩენაზე შეთანხმებული ვიყავი და სიტყვის გატეხა აღარ გამოდიოდა. გუნდში ნდობა მოვიპოვე, თასი ავიღე, კლუბის საუკეთესო ფეხბურთელად დამასახელეს და როდესაც კლუბის მეპატრონეთა და გულშემატკივართა სიყვარული დავინახე, დარჩენაზე უარის თქმა გამიჭირდა. მანჩესტერ და რეალი არ მიწვევდნენ და ატირაუ მისაღები ვარიანტი რატომ არ არის? აქ თავს კარგად ვგრძნობ. ფინანსურად საქართველოს სჯობია, ტყუილად ნაღდად არ წავსულვარ, - ამბობს ფეიქრიშვილი.
გიორგის ახლა საფიქრალი კლუბის ხელმძღვანელთა წინადადებამ გაუჩინა: კლუბის ხელმძღვანელობამ ყაზახეთის მოქალაქეობის მიღება შემომთავაზა. ვერ ვიტყვი, რომ ყაზახეთის ნაკრებში თამაშსაც მთავაზობენ, მაგრამ მიმანიშნეს - თუკი მოქალაქეობას შეიცვლი, შესაძლოა, ამას საინტერესო გაგრძელება მოჰყვესო. ეტყობა, საქართველოს ნაკრებში გამოსვლის სურვილი სურვილადვე მრჩება, მაგრამ ქართველი კაცი ვარ და მოქალაქეობის შეცვლა არ მინდა.
საინტერესო სიახლეც: ფეიქრიშვილთან კიდევ ერთი ექსდინამოელი ვარჯიშობდა და არაა გამორიცხული, კარიერა ერთად გააგრძელონ: ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ატირაუში ჩერნიგორიელი ილია სპასოევიჩის გამოჩენა. დინამოში ერთად ვთამაშობდი და ყაზახეთში რომ ჩამოვიდა, ძალიან გამიხარდა. სპასოევიჩი მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენთან თამაშობდა და საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მალე სეზონი დაიწყება და გადაწყდება, ჩაირიცხება თუ არა ილია ჩვენს კლუბში.