შედგა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის სამი გამოტოვებული შეხვედრა, რომლებშიც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლებმა “დაგეგმილი” მოგებები მიითვალეს. სამივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით 1:0 დამთავრდა იმ განსხვავებით, რომ რუსთავში ასე “ოლიმპმა” ზუგდიდის “ბაიას” სძლია, ბოლნისსა და თბილისში (“ამერზე”) კი სტუმრებმა იმარჯვეს. ბოლნისურ “თამაზ სტეფანიაზე” თბილისის “დინამომ” მათე ვაწაძის მიერ გატანილი გოლით იმარჯვა, გლდანში კი, “ვიტ ჯორჯიამ” “გაგრას” ირაკლი კლიმიაშვილის ზუსტი დარტყმის წყალობით სძლია.
ქართულ კარიერაში საიუბილეო მე-20 გოლი გაიტანა “ოლიმპის” ბრაზილიელმა შუახაზელმა ანდერსონ აკინომ. იგი ამ მაჩვენებლით ბომბარდირთა დავას ლიდერობს და თუ მის უშუალო მდევართა “გაფუჭებულ სამიზნეს” მივიღებთ მხედველობაში, ალბათ კარგა ხანი ვერც ვერავინ წამოეწევა ქართველებიდან.
10 მარტი
სიონი - დინამო 0:1
ოლიმპი - ბაია 1:0
გაგრა - ვიტ ჯორჯია 0:1
შენიშვნები - პროფლიგის რეგლამენტით, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით: 1. მოგებათა მეტი რაოდენობა; 2. უშუალოდ ერთმანეთში შეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა, ბურთების სხვაობა); 3. ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა; 4. გატანილი გოლების რაოდენობა; 5. სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობა; 6. ფეარ-ფლეის პრინციპი; 7. კენჭისყრა.
- 5 თებერვალს გამართული ”სიონი”-”სპარტაკი” სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულად მიიჩნია და ორივე გუნდს ტექნიკური წაგება (0:3) ჩაუთვალა. ფედერაციისვე სააპელაციო კომიტეტმა გააუქმა ეს გადაწყვეტილება და შედეგი (0:1) ძალაში დატოვა.
ბომბარდირები
აკინო (ოლიმპი) - 20 (8 პენალტით), ნიკა გელაშვილი (ზესტაფონი) - 15 (1), ვახტანგ კვარაცხელია (ვიტ ჯორჯია) - 11 (1), გიორგი გაბედავა (გაგრა) - 10 (1), ჯაბა დვალი (ზესტაფონი) - 9.
ფრიდონ კერვალიშვილი