ვერ ვიტყვით, “დინამომ” ამ მატჩში ცხრა პირი ოფლი ღვარაო, თუმცა “გაგრა” დიდი ანგარიშით კი დაამარცხა. “დინამო” მაინც “დინამოა” და როცა უწყინარ სიტუაციებში უხეშ შეცდომებს უშვებ, არ გაპატიებს. 50-ე წუთამდე კახი კარანაძის გუნდი სასურველ ანგარიშს ინარჩუნდებდა, მაგრამ ექვსწუთიან მონაკვეთში დაშვებულმა “იაღლიშებმა” “გაგრას” ქულის აღების შანსი გამოაცალა.
“დინამოს” ძირითად შემადგენლობაში სამი ახალწვეული იყო: მაკედონიელმა მცველმა ალექსანდრ კრსტესკიმ, მარცხენა მცველმა თენგიზ ჩიკვილაძემ და მარცხენა ნახევარმცველმა გიორგი კახელიშვილმა ახალ გუნდში პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. ბალკანელზე ბევრს ვერაფერს ვიტყვით, აი, კახელიშვილმა ორი საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თენგიზ ჩიკვილაძემ სულაც გოლით აღნიშნა დებიუტი. სამაგიეროდ, ძალიან უიღბლო დებიუტი გამოუვიდა “გაგრას” მარჯვენა მცველს, 18 წლის კამერუნელ არნო ჩენსუს - უკვე მე-10 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
“დინამომ” მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყო და საწადელს მალევე ეწია. კახელიშვილს მარცხენა ფრთაზე დაფარული პასი მისცეს, მანაც დაბალი ბურთი შეაგორა მეკარის ბაქანთან და მათე ვაწაძემ “გაგრას” მცველებს დაასწრო - 1:0. “დინამოს” ცენტრფორვარდს ხუთ წუთში კიდევ ჰქონდა გატანის შანსი, მაგრამ ჟორჟ აკირემის პასის შემდეგ ოდნავ ააცილა. თავის მხრივ, გაბონელმა ფორვარდმაც ვერ მოზომა სიზუსტე და 23-ე წუთზე ვარდნაში უკეთ რომ დაერტყა, “დინამო” ორბურთიან ჰანდიკაპს მიიღებდა.
“გაგრა” შეტევებს კი ცდილობდა, მაგრამ ილაჯი არ ჰყოფნიდა. და მაინც, პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა დაცვა დაიქსაქსა, გიორგი გაბედავა მოულოდნელად მეკარე გიორგი ლორიას პირისპირ აღმოჩნდა და შორეულ კუთხეში დარტყმით გაათანაბრა - 1:1.
შესვენების შემდეგ “დინამოს” დომინირება უფრო თვალსაჩინო გახდა, თუმცა კახა კაჭარავას გუნდს “გაგრას” მცველი თორნიკე შალიკაშვილიც დაეხმარა: საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან დაკარგა ბურთი, შოთა კაშია პირისპირ გავიდა და თავადაც შეეძლო დარტყმა, მაგრამ უკეთეს პოზიციაში მყოფ ვაწაძეს დაუგორა და მანაც ცარიელ კარში შეაგდო - 2:1.
56-ე წუთზე “გაგრამ” მორიგი საჩუქარი გაუკეთა ფავორიტს, როცა ვერც მეკარე რევაზ თევდორაძემ და ვერც ზვიად ჩხეტიანმა შოთა კაშიას ხელი ვერ შეუშალეს. ამ მომენტში თევდორაძეს გამოსვლაზე თამაში მართებდა. 3:1 და მატჩის ინტრიგა ჩაიფერფლა, ტემპმაც იკლო და გუნდები ნება-ნება ამთავრებდნენ მატჩს.
ბოლოს კი იყო ჩიკვილაძის გოლი, რომელიც მან თავით შეაგდო და კიდევ, ზედ საფინალო სასტვენის წინ, “გაგრას” გამთამაშებელი თორნიკე ოქრიაშვილი გაწბილდა - ლორიამ ათიოდე მეტრიდან დარტყმული “გამოუძრო”.
ამ მოგებით “დინამომ” მესამე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა პოტენციურად, ამ პოზიციაზე “ვიტ ჯორჯიაა” - ერთი (გამოტოვებული) თამაშით ნაკლები აქვს და 2 ქულით ჩამორჩება.
თბილისი. 8 თებერვალი. 18:00. ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნული სტადიონი.
“დინამო” (თბილისი) - “გაგრა” 4:1 (1:1)
“დინამო”: ლორია, თომაშვილი, გურამ კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე, შოთა კაშია, ედნილსონი, კოშკაძე (87, ნემსაძე), კახელიშვილი, აკირემი (60, ნიკა ფირცხალავა), ვაწაძე (77, ჯუისი).
“გაგრა”: თევდორაძე, ჩენსუ (10, ტყეშელაშვილი), ქორთუა, ზვიად ჩხეტიანი, თორნიკე შალიკაშვილი, მოიზეს და სილვა, ნიკა ჯიშკარიანი, ნიკა კვასხვაძე (66, პავლიაშვილი), ოქრიაშვილი, გაბედავა, გულორდავა.
გოლები: 1:0 ვაწაძე (8), 1:1 გაბედავა (43), 2:1 ვაწაძე (50), 3:1 შოთა კაშია (57), 4:1 ჩიკვილაძე (86).
გაფრთხილება: შალიკაშვილი (62).
არბიტრი: ლაშა სილაგავა (თბილისი).
მატჩის შემდეგ
კახი კარანაძე (“გაგრას” მთავარი მწვრთნელი): “მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, შესვენების შემდეგ კი ორი უხეში შეცდომა დავუსვით, რასაც “დინამო” არ გაპატიებს. შემდეგ ფსიქოლოგიურადაც მოიშალა გუნდი”.
კახა კაჭარავა (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “პირველ რიგში, დიდი მადლობა ეროვნული სტადიონის ხელმძღვანელებს, რომ ამ მატჩის გამართვა მოხერხდა. დასანანი გოლი გავუშვით პირველი ტაიმის ბოლოს, მთლიანობაში კი, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება მერებაშვილის არყოფნას, მან მატჩამდე ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და მხოლოდ ესაა უთამაშებლობის მიზეზი”.
ილია ნანობაშვილი