Quote (R1517GEO)
სუპერლიგის მე-2 წრის პირველი ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, შსს-მ, მეორე ადგილზე მყოფ და მატჩში ფავორიტად მიჩნეულ თსუ-ს სძლია. შეხვედრის მიწურულს, შსს-ს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა და “ძალოვანთა” გამარჯვებაში ლომის წვლილი დაიდო, თსუ-ს ყოფილმა კალათბურთელმა გიორგი მარკოიშვილმა. ეს უკანასკნელი ჟურნალისტებმა ტურის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელს, “მსოფლიო სპორტი” სწორედ ამ მატჩის შემდეგ ესაუბრა. - გუნდში მთავარ მწვრთნელად აჩიკო ჟღენტის მოსვლის შემდეგ, შსს-მ აშკარად მოუმატა. მწვრთნელმა რა შეცვალა? - მთავარმა მწვრთნელმა შეცვალა სათამაშო ტაქტიკა. ჟღენტის მოსვლის შემდეგ ,გუნდი უფრო შეიკრა და ერთსულოვანი გახდა. გუნდიდან არავინ წასულა, მოსვლით კი საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური თავდამსხმელი, 223 სანტიმეტრი სიმაღლის სერგო ათუაშვილი დავიმატეთ. რაც შეეხება შედეგს, ზურაბ საკანდელიძე-მიხეილ ქორქიას მემორიალზე ფინალში ვითამაშეთ, თასზე ორი ქულით დავმარცხდით მომავალ ფინალისტ თსუ-თან. ამ ბოლო მარცხისთვის რევანში სუპერლიგის პირველივე მატჩში ავიღეთ. - თსუ-სთან თასზე და ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებული შეხვედრების შესახებ რას გვეტყვით? - ორივე შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი ბედი ბოლო წუთებზე გადაწყდა. - თასზე მატჩის დროს, თითქმის არ გითამაშიათ... - ძველმა, მყესების ტრავმამ შემახსენა თავი და მატჩის ბოლომდე ამიტომ ვერ ვითამაშე. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. - რა მიზნებს ისახავს შსს მიმდინარე ჩემპიონატში? - ჩვენი მიზანია სანახაობრივი კალათბურთი ვითამაშოთ. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს. - ახლა ევროპის ჩემპიონატის იმ შესარჩევი ჯგუფის შესახებ გკითხავთ, სადაც პოლონეთის, ბულგარეთის, ბელგიისა და პორტუგალიის ნაკრებ გუნდებთან ერთად, საქართველოს მოუწევს თამაში. ვის თვლით ამ ჯგუფში ფავორიტად? - გაგვიმართლა, რომ იმ ჯგუფში არ მოვხვდით, სადაც იტალია თამაშობს. რაც შეეხება ჩვენს ჯგუფს, აქ გამოკვეთილ ფავორიტს ვერ ვხედავ და აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსიც არის. როლანდ ლაბუჩიძე
kaigi interviua