საქართველოს ნაკრების მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა ინგლისის ჩემპიონშიფის წევრ “რედინგის” სასტარტო შემადგენლობაში პირველად ითამაშა, მისმა გუნდმა კი მორიგი ტურის შეხვედრაში მძიმე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო მდგომარეობა საგრძნობლად გაიუმჯობესა. “პლიმუთთან” საშინაო მატჩში “ხიზანა” 44-ნომრიანი მაისურით მასპინძელთა დაცვის ცენტრში გამოჩნდა და შეუცვლელად გაისარჯა, თამაშის გმირი კი რედინგელთა ფორვარდი შეინ ლონგი გახდა.
ამ უკანასკნელმა ანგარიში 51-ე წუთზე გახსნა, კარლ ფლეტჩერს საპასუხო გოლს კი უკვე მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ზუსტად შესრულებული პენალტით უპასუხა და საბოლოოო ანგარიში – 2:1 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების წყალობით, “რედინგს” 29 მატჩში 29 ქულა მოუგროვდა და გასავარდნ 22-ე ადგილზე რჩება, თუმცა კი, სამშვიდობო ზონაში მყოფ “კრისტალ პალასს”, “სკანთორპსა” და “იფსვიჩს” ერთი ქულითღა ჩამორჩება.
