ნაკრები ბრაზილიაში ლევან ჯანეზაშვილი
საქართველოს 17-წლამდელთა ის გუნდი, რომელიც შემოდგომაზე ევროპის მომავალი ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, ბრაზილიაში გაემგზავრება, სადაც რამდენიმე ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.
უფრო კონკრეტულად, კობა ჟორჟიკაშვილის ნაკრები მარტის პირველ რიცხვებში კურიტიბაში ჩავა და "ატლეტიკო პარანენსესა" და სხვა ცნობილი ბრაზილიური კლუბების ასაკობრივ გუნდებთან ითამაშებს. ამ ვოიაჟის განხორციელება ბრაზილიაში მოღვაწე ქართველი მწვრთნელის, გოჩა ალადაშვილის თანადგომითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური მხარდაჭერით ხერხდება. იქ საქართველოს ნაკრები ორ კვირას დაჰყოფს.
"ბრაზილიაში ჩასვლა ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება. როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ეს ფორმაციის ნაკრები სულ ახალი ჩამოყალიბებულია და საერთაშორისო ამხანაგური მატჩები ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბრაზილიაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ნაკრების სრული სამწვრთნელო შტაბი ჩავა. რაც შეეხება ფეხბურთელთა რაოდენობას, ბრაზილიაში მინიმუმ 18 მოთამაშეს ჩავიყვანთ, თუმცა სასურველია, იქ მეტი ფეხბურთელი გამოვცადოთ და შესაძლოა, მათი რაოდენობა 25-მდეც ავიდეს", - გვითხრა კობა ჟორჟიკაშვილმა.
ზუგდიდში 17-წლამდელებმა უკვე გაატარეს ორი კვირა, ორშაბათიდან კი ნაკრები მეორე ზუგდიდურ შეკრებას იწყებს. ჟორჟიკაშვილის გუნდი "ბაიას" ბაზაზე ახლაც ორ კვირას დაჰყოფს. პირველი შეკრების შემდეგ ნაკრების შემადგენლობაში საკმაო ცვლილებები მოხდა, რაც სულაც არაა გასაკვირი _ მწვრთნელები მოთამაშეების შესაძლებლობებს ახლა ეცნობიან და სურთ, საქმეში რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი გამოსცადონ.
"ამჟამად აქცენტს ფეხბურთელთა ფიზიკური კონდიციების ამაღლებაზე ვაკეთებთ, მაგრამ მათ ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებასაც დიდ ყურადღებას ვაქცევთ. შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე ჯერ კიდევ საკმაო დროა და გუნდის ბირთვი მოგვიანებით ჩამოყალიბდება", - ამბობს ჟორჟიკაშვილი.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ბრაზილიის გარდა, სხვა საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების ორგანიზებაზეც მუშაობს და საკვალიფიკაციო ციკლის მოახლოებასთან ერთად, ქართველი 17-წლამდელების უცხოური ვოიაჟები გახშირდება. ჟორჟიკაშვილისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების მთავარი მიზანი ამხანაგური მატჩების ჩატარებაა, შეკრებების საქართველოში გამართვაში კი გუნდის მთავარი მწვრთნელი პრობლემას ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, ევროპის მომავალი ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპში საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ოქტომბერში ჩაერთვება. ჩვენი ჯგუფის მატჩები საქართველოში ჩატარდება და ჟორჟიკაშვილის გუნდის მეტოქეები პოლონეთი, ინგლისი და შვედეთი იქნებიან.