ლევან ჯანეზაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის, რევაზ არველაძის თქმით, საბოლოოდ გადაწყდა გერმანიისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარება. ამ თემაზე მკითხველი წინა დღეებშიც იყო ინფორმირებული. ვწერდით, რომ შეხვედრა მარტის პირველ ნახევარში გაიმართებოდა, ახლა კი დაზუსტებითაა ცნობილი, რომ გიორგი დევდარიანის გუნდი გერმანელებთან ძალებს 13 მარტს მოსინჯავს.
მატჩი გერმანიაში ჩატარდება, გასარკვევია მხოლოდ შეხვედრის გამართვის ადგილი. გერმანიის საფეხბურთო კავშირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამის შესახებ რამდენიმე დღეში აცნობებს.
მართალია, საქართველოს ნაკრები სხვა ფორმაციის გუნდს შეხვდება, მაგრამ მაინც აღსანიშნავია, რომ გერმანელმა 17-წლამდელებმა ევროპის წინა ჩემპიონატზე გაიმარჯვეს. ქართველთათვის ეს სპარინგი უდავოდ სასარგებლო გამოდგება. იმ დროისთვის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდი მოახლოებული იქნება და ჩვენი გუნდის მომზადების დონე გერმანიაში კარგად გამოჩნდება. გერმანიიდან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, სავარაუდოდ, ავსტრიაში გადაინაცვლებს, სადაც ელიტრაუნდის წინ ბოლო შეკრებასა და სპარინგმატჩებს ჩაატარებს. ავსტრიიდან კი ჩვენი გუნდი ჩეხეთში გადავა და ელიტრაუნდში ჩაერთვება.
როგორც იცით, ქართველი 17-წლამდელები ამჟამად ბელგიაში იმყოფებიან, სადაც გუშინწინ მასპინძელთა ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშეს. ბელგია-საქართველოს მეორე ამხანაგური შეხვედრა დღეს გაიმართება.