საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის მე-3 წრის XX ტურის სამი შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო.
ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” პროფესიული ფეხბურთის ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის თავჯდომარემ, ნოდარ კაკულიამ აცნობა.
12 თებერვალს, რუსთავში, “ფოლადზე” ერთმანეთს ბოლნისის “სიონი” და თბილისის “დინამო” უნდა შეხვედროდნენ, ხოლო გლდანში, “ამერის” სტადიონზე “გაგრა”- “ვიტ ჯორჯიას”. ნოდარ კაკულიას განცხადებით, ეს ორივე მატჩი გადაიდო. გარდა ამისა, 13 თებერვალს “მიხეილ მესხზე” არც თბილისის “ლოკომოტივისა” და რუსთავის “ოლიმპის” დაპირისპირება შედგება. ძლიერი ქარის თანხლებით მიმდინარეობს მატჩი ზუგდიდში, სადაც ადგილობრივი “ბაია” ცხინვალის “სპარტაკს” მასპინძლობს. 13 თებერვალს კი სამტრედიაში, “სამტრედიასა” და “ზესტაფონს” შორის თამაში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ თოვლისგან სტადიონის ვერგაწმენდა გახდა ექვს და შვიდ თებერვალს დანიშნული მე-19 ტურის ორი მატჩის - “ოლიმპი”-“ბაიასა” და “ვიტ ჯორჯია”-“სამტრედიას” გადადების მიზეზიც.
თუ როდის ჩატარდება გადადებული შეხვედრები, ჯერჯერობით უცნობია.