მორიგი საკონტროლო შეხვედრა გამართა ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატისთვის მზადებისას, პირველი ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა, ქუთაისის “ტორპედო-2008”-მ. რიონისპირელები ამჯერად საჩხერეს ესტუმრნენ და იქაურ “ჩიხურას” ესპარინგნენ. მატჩი ფრედ - 1:1 დამთავრდა და როგორც “მსოფლიო სპორტს” ქუთაისელთა პრეს-ატაშე რამაზ ჩხიკვაძემ შეატყობინა, სტუმართაგან ექს-სამტრედიელმა ლაშა ვაშაკიძემ საჯარიმო დარტყმიდან გამათანაბრებელი გოლი გაიტანა. “ტორპედო-2008”-ის მწვრთნელთა სამეულმა (იასონ ბზიკაძე, გია გიგატაძე, გიორგი სუხიაშვილი) გუნდს მატჩი ასეთი შემადგენლობით დააწყებინეს: კუჭუხიძე, ბესიკ ხაჭიპერაძე, ქარქუზაშვილი, ფარულავა, ჭანკვეტაძე, ხანიშვილი, ლომაშვილი, ხუციძე, კვერნაძე, ვაშაკიძე, კირკიტაძე. მე-2 ტაიმში შევიდნენ - მიგინეიშვილი, ბექა ჩხეტიანი, გივი ჩხეტიანი, ბიბილეიშვილი, ცნობილაძე.
დიდი ალბათობაა, ამ გუნდებმა უახლოესი სპარინგიც ერთმანეთში ითამაშონ და კვლავ საჩხერის ხელოვნურსაფარიან მოედანზე. იმდენად ცუდ მდგომარეობაშია ქუთაისსა და მის ახლომდებარე სტადიონების სათამაშო გაზონი, რომ მხოლოდ მათ არჩევანზე რომ იყოს დამოკიდებული, “ავტოქარხნელები” სხვაგან ბურთის საგორებლად ფეხსაც არ გაადგამდნენ.