R1517GEO | თარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 15:42 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| ევროპულ მინდვრებზე ყველაზე წარმატებული დღე კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველ ლეგიონერებს ჰქონდათ. პირველად მიმდინარე სეზონში, თავის გამოჩენა ორმა ჩვენებურმა მოახერხა. კლიმენტი წიტაიშვილმა “ნეა სალამინას” ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოუტანა, ლევან მაღრაძის შედეგიანმა დარტყმამ კი “ერმისი” მარცხისგან ვერ იხსნა. წიტაიშვილმა “არისის” კარის აღება შეხვედრის 70-ე წუთზე შეძლო, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. საბოლოოდ, “ნეა სალამინამ” 3:2 მოიგო და მიმდინარე სეზონში სამი ქულა პირველად აიღო. 21-ე ტურში მოპოვებული 10 ქულით, წიტაიშვილის კლუბი ბოლო ადგილზე რჩება. ლევან მაღრაძემ ლიმასოლში “აელ”-თან მატჩის 50-ე წუთზე ანგარიში 1:1 გახადა და არადიპუელებს ქულის გადარჩენის იმედი გაუჩინა, თუმცა, მეორე ტაიმის შუაწელს მასპინძლებმა კიდევ ერთხელ იხეირეს და 2:1 იმარჯვეს. მაღრაძე 81-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო “ერმისს” 19 ქულა შერჩა და მე-10 ადგილზე იმყოფება. ასევე 19 ქულით მე-11 პოზიციაზეა აშნას “ეთნიკოსი”, რომელმაც ლიდერ “ანორთოსისს” უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. აშნელთა ქართველი თავდამსხმელი ლევან ქებაძე მინდორზე არ გამოჩენილა. გერმანიის ბუნდესლიგაში მორიგი ყაიმი ითამაშა ლევან კობიაშვილის “ჰერტამ”. ბერლინელები საკუთარ მოედანზე “მაინცს” დაუზავდნენ (1:1) და მოუგებლად ზედიზედ მე-4 შეხვედრა განვლეს. ქართველმა ფეხურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა, მისი გუნდი კი, 22 თამაშში მოპოვებული 12 ქულით ბოლო ადგილზეა. ფრანკფურტში “აინტრახტისგან” ბოლო წუთზე მიღებული გოლის გამოისობით, 1:2 წააგო დავით თარგამაძის “ფრაიბურგმა”. ჩვენებური სტუმართა განცხადში არ ყოფილა, ფრაიბურგელებს კი 19 ქულა შერჩათ და ელიტაში დასარჩენად დიდი ბრძოლა ელით. კვლავაც ტრავმირებული ალექსანდრე იაშვილის გარეშე ირჯება “კარლსრუე”, რომელიც მე-2 ბუნდესლიგის 22-ე ტურში “კოტბუსთან” 0:2 დამარცხდა და 24 ქულით მე-13 ადგილამდე დაქვეითდა. მინდორზე 90 წუთი დაჰყო მათე ღვინიანიძემ, რომლის “მიუნხენ 1860” “ფიურტს” ეწვია და როსლერის დუბლის წყალობით 2:1 იმარჯვა. ბავარიელებმა 29 ქულით მე-10 საფეხურს უწიეს. 41 ქულით მე-3 ადგილზე რჩება ოთარ ხიზანეიშვილის ”აუგსბურგი”, რომელმაც “დიუსელდორფს” 2:0 სძლია. ჩვენებური, უკვე მერამდენედ, აგსბურგელთა განაცხადში არ ყოფილა. ზამთრის შესვენების შემდეგ განახლდა ავსტრიული ბუნდესლიგა, სადაც გრაცის “შტურმი” აუტსაიდერ კერნტენის “აუსტრიას” ეწვია და მეტოქე 3:0 გაანადგურა. გრაცელთა ქართველი მცველი ილია კანდელაკი გუნდის განაცხადში ვერ მოხვდა. “შტურმს” 20 მატჩში 33 ქულა მოუგროვდა და მე-4 პოზიციას ინარჩუნებს. საფრანგეთის ჩემპიონატში 4-მატჩიანი წაგებათა სერია ერთი ქულის მოპოვებით შეწყვიტა გიორგი მაკარიძის და ამირან სანაიას “ლე მანმა”, რომელიც მთელი მე-2 ტაიმი 10 კაცით მოთამაშე “სოშოს” უგოლოდ დაუზავდა. ქართველთაგან განაცხადში მოხვდა სანაია, მაგრამ მას მოედანზე შესვლის საშუალება არ მისცემია. 24 ტურის შემდეგ “ლე მანს” 17 ქულა აქვს და მე-18 ადგილზე მყოფი, უსაფრთხო ზონას 6 ქულით ჩამორჩება. არ უასპარეზია საქართველოს ნაკრების კაპიტან კახა კალაძესაც, რომლის “მილანმაც” “უდინეზეს” 3:2 მოუგო და იტალიურ სერია A-ში მე-3 ადგილი შეინარჩუნა. “როსონეროს” 23 ტურში 45 ქულა გააჩნია. ინგლისის ასოციაციის მერვედფინალში ზურაბ ხიზანიშვილის “რედინგმა” “ვესტ ბრომვიჩთან” 2:2 ითამაშა და ახლა, უძლიერესის ვინაობას მეორე მატჩი გაარკვევს. საქართველოს ნაკრების მცველი რედინგელთა განაცხადში არ ყოფილა. საბერძნეთის ჩემპიონატში გიორგი შაშიაშვილის “ერგოტელისი” საქართველოს ნაკრების ექს-მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერის ახლანდელ კლუბ ”არისს” ეწვია და 1:2 დამარცხდა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა, სალონიკელები კი 58-ე წუთიდან კაცნაკლულნი თამაშობდნენ, თუმცა, “ერგოტელისმა” მატჩის ხსნა ვერ მოახერხა. შაშიაშვილი შეუცვლელად გაისარჯა. ისრაელის უმაღლეს ლიგატ ალ-ში უახლოეს კონკურენტ თელ-ავივის “ჰაპოელთან” 12-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს ვლადიმერ დვალიშვილის “მაკაბი”, რომელმაც იერუსალიმში “ბეითარს” 3:0 სძლია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველ ტაიმში ითამაშა, 45-ე წუთზე კი ადგილი გადირის დაუთმო, რომელმაც მინდორზე შესვლისთანავე გოლის გატანა შეძლო. თავი გამოიჩინა შლომი არბეიტმანმაც, რომელიც ბომბარდირთა დავაში 19 გოლით ლიდერობს, დვალიშვილის აქტივში კი 14 ბურთია. მორიგი 3 ქულა მიითვალა თელ ავივის “ჰაპოელმა”, რომლის რიგებში ზურაბ მენთეშაშვილი 71-ე წუთზე გამოჩნდა. ამ დროისთვის, ელი გუტმანის გაწვრთნილები აჰი ნაზრათის “მაკაბის” 4:0-ს უგებდნენ და ანგარიში მეტად არც შეცვლილა. თელავიველები ისე “გაუთამამდნენ” მეტოქეს, რომ 1:0-ზე სტუმართა კარში დანიშნული პენალტი ნიგერიელ კიპერ ვინსენტ ენიეამას დაარტყმევინეს. მანაც, როგორც მიმდინარე სეზონში მიცემული კიდევ ორი შანსისას, გუნდი არ დააღალატა და მეტოქე ვიზავი დაამწუხრა. ამ მოგებით “ჰაპოელს”, რომელიც ჰაიფას “მაკაბის” უახლოესი მდევარია, 49 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზე მიმავალ თანაქალაქურ “მაკაბის” 2 ქულით უსწრებს. მომავალ ტურში “ბლუმფილდზე” დერბი სწორედ ამ გუნდების მონაწილეობით გაიმართება. რაანანას “ჰაპოელმა” კფარ სავას “ლევიტაზე” “ბნეი სახნინი” მიიღო. მასპინძელთა რიგებში დავით დიღმელაშვილმა პირველიდან ბოლო სასტვენამდე კი ითამაშა, მაგრამ მისი გუნდი მარცხისაგან (0:1) ვერ იხსნა. სტუმრებმა გამარჯვების გოლი 88-ე წუთზე გაიტანეს და ჩემპიონატში ზედიზედ მე-4 მოგება მიითვალეს. რაანანელები სატურნირო ცხრილში კიდევ ჩამოქვეითდნენ და 17 ქულით, ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უკავიათ. მორიგი ქართული დერბი შედგა ლეუმით ლიგაში (ისრაელის პირველი ლიგა). “აჰვა არაბამ” სახნინის “დოჰაზე” მიიღო და 1:0 მოუგო ბათ იამის “მაკაბის”. მასპინძელთა რიგებში რევაზ გოცირიძემ, სტუმრებში კი, კოკა მიკუჩაძემ მთელი შეხვედრა შეუცვლელად ითამაშეს. არბიტრმა ორელ გრინფილდმა ორივე გააფრთხილა – გოცირიძე 70-ზე, მიკუჩაძე – 64-ზე. სხვათა შორის, ამ უკანასკნელმა სეზონში მიღებული გაფრთხილებებით (10) გატანილი გოლების (9) რაოდენობას გადააჭარბა. მარცხის მიუხედავად, ბათიამელები 37 ქულით ისევ მე-2 ადგილზე არიან, ქულით ნაკლების მქონე “არაბთა საძმოს” წარმომადგენელთ კი მე-3 საფეხური უკავიათ. ჰერცლიაში, ადგილობრივ “მაკაბის” 2:0 მოუგო და 34 ქულით ცხრილში მე-5 ადგილამდე აღზევდა კფარ სავას “ჰაპოელი”. ამ გუნდში უმცროსი გიორგი დარასელია ირიცხება, მაგრამ იგი ტომერ კაშტანმა განაცხადში ამჯერადაც არ შეიყვანა. სამაგიეროდ, საკუთარი გუნდის ზედიზედ მე-5 წაუგებელ საჩემპიონატო შეხვედრაში წვლილი შეიტანა გიორგი გაბიდაურმა. ბნეი ლოდის ”ჰაპოელმა” იერუსალიმელ თანაკლუბელებს 2:0 მოუგო. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნისან იჰიცკელმა ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში ათამაშა. 43-ე წუთზე მსაჯმა გაბიდაური გააფრთხილა, ბნეი ლოდელების მიერ ანგარიშში დაწინაურებისთანავე კი, 57-ე წუთზე, ჩვენებური შეცვლილ იქნა. გაბიდაურის გუნდს 23 ქულა აქვს და ლიგიდან დასაქვეითებელ ზონას მე-13 ადგილიდან “გადაჰყურებს”. აზერბაიჯანის ჩემპიონატში წარმატებულ სვლას განაგრძობს გათამაშების ლიდერი – ბაქოს “ინტერი”, რომლის თავკაციც კახა ცხადაძეა. ქართველმა მწვრთნელმა ზაქათალის “სიმურგთან” მოგებულ (2:1) მატჩში ოთხი ქართველიდან სამი ძირითად შემადგენლობაში ათამაშა. გიორგი ლომაიამ და გიორგი ნავალოვსკიმ მატჩი სრულად ჩაატარეს, დავით ოდიკაძემ კი, მოედანი 70-ე წუთზე დატოვა. ნავალოვსკიმ პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. რაც შეეხება კახა მჟავანაძეს, მას მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. “სიმურგის” რიგებში რომან ახალკაცმა და კახა ჩხეტიანმა შეუცვლელად ითამაშეს, დავით ბოლქვაძე კი მინდორზე არ გამოჩენილა. “ინტერმა” მე-2 ადგილთან სხვაობა ხუთ ქულამდე გაზარდა, “სიმურგი” კი 28 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. ასევე ხუთმა ქართველმა ითამაშა ბაქოს “ოლიმპიკის” და სუმგაითის “სტანდარტის” მატჩში. მასპინძელთა მხრიდან, ძირითად შემადგენლობაში იყო რომან გოგინაშვილი, რომელმაც მოედანი მე-80 წუთზე დატოვა, მანამდე კი, 45-ე წუთზე, ყვითელი ბარათი მიიღო. მე-60 წუთზე შეცვლაზე შევიდა ნუგზარ კვირტია. სტუმართა რიგებში მატჩი სრულად ჩაატარეს სერგო ორბელაძემ და გიორგი სეთურიძემ, ხოლო დავით ჭიჭვეიშვილი მოედანზე 43-ე წუთზე შევიდა. შეხვედრა “ოლიმპიკმა” 2:0 მოიგო, რის შემდეგაც ოც თამაშში მოპოვებული 24 ქულით მე-8 ადგილზეა. “სტანდარტი” კი, 10 ქულით, “ქარვანთან” ერთად ბოლო ადგილებს ინაწილებს. თავად “ქარვანმა”, რომლის რიგებშიც ალექსანდრე ინწკირველი ირიცხება, “ნეფთჩისთან” 0:1 წააგო. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი სრულად ჩაატარა და მე-4 წუთზე ყვითელ ბარათს გამოჰკრა ხელი. “თურანთან” გასვლაზე 0:1 დამარცხდა დავით სვანიძის “მუღანი”. ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა. მისი გუნდი ამ მარცხის შემდეგ ერთი საფეხურით დაქვეითდა და 14 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. ასევე სტუმრად, “ბაკისთან” 0:2 დამარცხდა გოგა ბერაიას და რევაზ გეწაძის “გაბალა”. ბერაიამ 90 წუთი ითამაშა, გეწაძე კი, მოედანზე არ გამოჩენილა. 32 ქულით, “გაბალა” მე-6 ადგილზეა. უქართველოდ მოიპოვა ქულა გიორგი ადამიას “ყარაბახმა”, რომელიც გასვლაზე “კაზარ ლანკარანს” უგოლოდ დაუზავდა. მოპოვებული ქულით “ყარაბახი” მე-2 საფეხურზე გადავიდა. ნალჩიკის “სპარტაკმა”, რუსეთის პრემიერლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, თურქეთში გამართული მეორე შეკრება უზბეკეთის “ნასაფთან” მარცხით დაასრულა - 1:2. როგორც რუსული გამოცემა “სპორტ-ექსპრესი” იტყობინება, ამ მატჩში ნალჩიკელთა სამივე ქართველმა ლეგიონერმა მიიღო მონაწილეობა - ალექსანდრე ამისულაშვილი და გოგიტა გოგუა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, ხოლო დავით სირაძე მოედანზე შეცვლაზე შევიდა. სპარტაკელები უზბეკურ კლუბთან შეხვედრის შემდეგ ნალჩიკში დაბრუნდენ, 19 თებერვლიდან კი მორიგ შეკრებაზე გაემგზავრებიან. სიმფეროპოლის “ტავრიამ” თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო შეხვედრაში გდანსკის “ლეხს” დიდი ანგარიშით 4:1 მოუგო. “ტავრიას” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ქართველი შემტევი ვასილ გიგიაძე სიმფეროპოლელთა ძირითად შემადგენლობაში იმყოფებოდა და 65-ე წუთზე შეცვალეს. მოედნიდან გასვლამდე მას გოლის გატანის რეალური შესაძლებლობაც ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. ანთალიაშივე, ოდესის “ჩერნომორეცი”, რომლის რიგებშიც ირაკლი კლიმიაშვილი ისინჯება, ჩერნოგორიის “სუტიესკას” დაუზავდა - 2:2. ჩერნოგორიელებთან სპარინგში ქართველი ნახევარმცველი “სასტარტოში” იყო და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს. ლაშა თაბაგარი
ერთად უკეთესია!
|
|
| |
mixeilius | თარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 15:45 | შეტყობინება # 2 | გაზიარება |
ჯგუფი: მოდერატორი
შეტყობინება: 103 წევრი No.: 8 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| Quote (R1517GEO) ლაშა თაბაგარი sakmaod sainteresod tsers es bichi!
LIVERPOOL & MANCHESTER CITY
|
|
| |