მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
ინტერვიუ გიორგი შაშიაშვილთან
R1517GEOთარიღი: ორშაბათი, 2010-თებ-15, 15:47 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 752
 წევრი No.: 7
 რეგისტრ.: 2009-თებ-15






ევრო-2012-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს სხვებთან ერთად უხერხული საბერძნეთიც ერგო (ნეტავ, არაუხერხული რომელიღაა, მაგრამ მაინც). ქართველებს ელინელებთან ხუთჯერ უთამაშიათ და ხუთჯერვე წაუგიათ. საბერძნეთის უძლიერეს ლიგაში მხოლოდ ერთი ქართველი თამაშობს - 30 წლის გიორგი შაშიაშვილი “ერგოტელისის” ერთ-ერთ საუკეთესო მცველადაც ითვლება. ამიტომაც, ვარშავული წილისყრის შემდეგ, “შაშისთან” საუბარი განსაკუთრებით საინტერესოა, სხვებზე უკეთ იცნობს ოტო რეჰაგელის ნაკრებს და ზოგადად, ბერძნულ ფეხბურთს.

და კიდევ, გიორგი ნაკრებში დაბრუნდა: გეცოდინებათ, თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრების ესტონეთთან სათამაშო 21-კაციან სიაში მისი გვარიც ჩაწერა. “მსოფლიო სპორტი” შაშიაშვილს საბერძნეთში დაუკავშირდა და ისე მოხდა, რომ საუბრის დაწყება ექტორ რაულ კუპერით მოგვიხდა...

გიორგი შაშიაშვილი: ახლა ვარჯიშზე ვიყავი, ხვალინდელი მატჩისთვის ვემზადები (ინტერვიუ ჩაწერილია 13 თებერვალს – ი.ნ.). კუპერის გაწვრთნილ სალონიკის “არისს” ვეთამაშებით. ევროპის ლიგაზე გასვლის შანსი მთლად არ გადაგვწურვია, “არისი” ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

- კუპერზე ნაწყენი არ ხარ? ბოლო დროს ნაკრებს აღარ გაკარებდა.

- მოლდოვასთან თბილისში ამხანაგური მატჩი 1:2 რომ წავაგეთ, იმის შემდეგ ნაკრებში აღარ ვყოფილვარ. მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვის გამოიძახებს და ვის არა, მაგრამ კუპერს ვერაფერი გავუგე – უცნაურად არჩევდა შემადგენლობას.  

- მიუხედავად ამისა, ალბათ, შეხვდები და მიესალმები.

- რა თქმა უნდა. მივალ, ხელს ჩამოვართმევ. რაც იყო, იყო.

- სამაგიეროდ, სამ მარტს ესტონეთთან მატჩისთვის გამოძახებული ხარ.

- ძალიან გამიხარდა. ვიცი, როგორ იმედიანად არიან ქართველი გულშემატკივრები და გვერწმუნეთ, მართლა არ ვართ ისეთი სუსტები, რომ ხელი ჩავიქნიოთ. თავი უნდა შევაკლათ თითოეულ მატჩს, ყველანი ერთად უნდა დავდგეთ – მწვრთნელები, ფეხბურთელები, ჟურნალისტები, გულშემატკივრები...

- შესარჩევ ჯგუფს როგორ შეაფასებ?

- პირველი კალათიდან ხორვატია შეგვხვდა, რომელიც ესპანეთის ნაკრების დონის ნამდვილად არაა. მეორე კალათიდანაც, ვერ ვიტყვი, რომ საბერძნეთი ყველაზე ძლიერი იყო. თამაში ყველასთან შეიძლება. აი, წეღან რაც ვთქვი, თუ ათივე მატჩში თავს გადავდებთ და შემადგენლობაც ოპტიმალური გვეყოლება, მართლაც შეიძლება ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი. მე პირადად, სულ სხვა იმედით ვარ.

- ოპტიმიზმი კარგია, მაგრამ საფუძველს რა გაძლევს? ყველა შესარჩევი ციკლის წინ ასეთი განცხადებები გვესმის.

- კარგი შემადგენლობა გვყავს და ახალგაზრდებიც, რომლებიც ძალიან პერსპექტიულები არიან, ახლა უფრო დაღვინებულები იქნებიან. ჯგუფიც ისეთია, ერთმანეთში ყველა დაკარგავს ქულებს და თან - საკმაოდ ბევრს. წინა ციკლში ფიასკო იმის ბრალიც იყო, რომ ფსიქოლოგიური ფონი იყო ცუდი. ყველამ რაღაც დააკლო, გარდა ამისა, სულაც არაა წვრილმანი, როცა ნაკრები ჩამოდის და ნორმალური სავარჯიშო პირობები არ ხვდება. პლუს მწვრთნელი – ქეცბაიას ნამდვილად შეუძლია, თუნდაც მოკლე დროში გუნდის გაკეთება. ასე არ იყო “ანორთოსისში”? თუნდაც პირეოსის “ოლიმპიაკოსი” ავიღოთ, საიდანაც გამოუშვეს, მაგრამ რა მიიღეს ამით კარგი? აგერ, საბერძნეთის ჩემპიონობის შანსი აღარც აქვთ.

- საბერძნეთში როგორ შეხვდნენ წილისყრის შედეგებს და საქართველოს ნაკრებს რა კონტექსტში ახსენებენ - უეჭველი 6 ქულა გვაქვსო?

- არა, სხვათა შორის, ძალიან ფრთხილად არიან და ერთი ბერძენისგანაც კი არ გამიგია, საქართველოსთან უეჭველ ექვს ქულას ავიღებთო. ვინც ჩვენი ფეხბურთელების შესახებ იცის, ისიც მოეხსენება, რომ პოტენციურად კარგი ნაკრები გვყავს. ვინც არ იცის, იმათზე არ მაქვს ლაპარაკი. “ერგოტელისის” მწვრთნელმა მითხრა, ვიცი, როგორი მწვრთნელია ქეცბაია და ნახავთ, ძლიერ ნაკრებს გააკეთებსო.

- ხორვატები პირიქით, წილისყრით ძალიან კმაყოფილები არიან და საქართველო თითქმის არც უხსენებიათ.

- ხორვატები საერთოდ ასეთი ხალხია. გულიანები არიან და ყველასთან ფავორიტად თვლიან თავს. “ერგოტელისში” ორი ხორვატი თამაშობს და ისინიც თვლიან, რომ პირველი ადგილი მათია. ისე, მეც ვთვლი, რომ ხორვატიის ნაკრები ნომერ პირველი ფავორიტია ჯგუფში – თამაში თუ წაუვიდათ, ვერ გააჩერებ, მაგრამ ჩავარდნებიც აქვთ ხოლმე.

- “ერგოტელისში” ლატვიის ნაკრების საუკეთესო თავდამსხმელი მარის ვერპაკოვსკისიც თამაშობს. მან რა თქვა ჯგუფზე?

- ლატვიამ გასული შესარჩევი ციკლი კარგად ჩაატარა, მაგრამ ვერპაკოვსკისი ამბობს, ჩვენი საუკეთესო ნახევარმცველი (ლაიზანსზეა საუბარი) ნაკრებიდან მიდის და ახალგაზრდები მაინცდამაინც ძლიერები ვერ გვყავსო. მე და ვერპაკოვსკისმა ერთმანეთს ნაკრებები შევუქეთ, დანარჩენს კი თამაშები გამოაჩენს.

- საბერძნეთის ნაკრებზე ცალკე გკითხავ: სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, თაობათა ცვლას ვერ ასცდებიან, გუნდში ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ 30 წელს რომ არიან გადაცილებულნი და შენი აზრით, ეს რამდენად დაეტყობათ?

- მართალია. მგონი, რაღაც პრობლემები შეექმნებათ. ისე არ გამომივიდეს, თითქოს, ამით ჩვენ უკვე გვეშველა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ საბერძნეთის ნაკრები მუნდიალის შემდეგ ისეთი ძლიერი ვეღარ იქნება. რეჰაგელის გუნდის ბირთვი, 8-10 წელია, არ შეცვლილა და ალბათ, მალე უნდა შეიცვალოს.

- საბერძნეთში ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი ვინ არის?

- ალბათ, “პანათინაიკოსის” მოთამაშე - გეორგიოს კარაგუნისი. ფანებს ძალიან უყვართ. ისე, გამორჩეული ვარსკვლავი არ ჰყავთ. ნამდვილად არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ შემადგენლობის მხრივ, საქართველო საბერძნეთს არ ჩამოუვარდება.

- რამდენად კარგი ახალგაზრდა თაობა ჰყავთ? რამდენადაც ვიცით, მათგან ყველაზე ძლიერი სოტირის ნინისია, რომელიც “პანათინაიკოსში” თამაშობს.

- კი, ნინისის გამო რეჰაგელს უსაყვედურეს კიდეც, ნაკრებში რატომ არ ანდობ ადგილსო. ჰყავთ პერსპექტიული ფეხბურთელები, მაგრამ არიქა, დიდი ტალანტები არიანო, ვერ ვიტყვი. საბერძნეთის ჩემპიონატი ლეგიონერების სიმრავლით უფრო გამოირჩევა. ლამის ყველა გუნდში, 11 კაცში 7-8 უცხოელია. განსაკუთრებით ბევრნი არიან ბრაზილიელები და არგენტინელები.

- შენს თამაშზე რას იტყვი? პირველ სეზონს ატარებ საბერძნეთში და რამდენად კმაყოფილი ხარ?

- ვფიქრობ, ნორმალურად ვთამაშობ. ჩემპიონატში 2 გოლი გავიტანე და მათ შორის, ერთი “ოლიმპიაკოსთან”. ავსტრიის ჩემპიონატს ნამდვილად სჯობს საბერძნეთი და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, “შტურმიდან” აქ რომ გადმოვედი. აქედან წასვლაზე ჯერ არ ვფიქრობ.

- “ერგოტელისი” მე-8 ადგილზეა. ევროტურნირებზე გასასვლელად ვერ იბრძოლებს?     

- თავიდან კარგად დავიწყეთ, მაგრამ ტრავმირებულებით გაიტენა გუნდი და ეს ძალიან დაგვეტყო. შანსი კი გვაქვს, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, ევროპის ლიგაზე გასასვლელად ვიბრძოლებთ. ისე, მომავალ სეზონში “ერგოტელისი” უფრო ძლიერი იქნება – კარგი ფეხბურთელების დამატებას აპირებენ.



ილია ნანობაშვილი


ერთად უკეთესია!
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010