სამტრედიამ იბრძოლა, ზესტაფონმა გაიმარჯვა
დავით კოხრეიძე
სამტრედიიდან
სამტრედია-ზესტაფონი 2-3
0:1 დვალი (7), 0:2 ძარია (27. აფციაურის პასით), 1:2 ტყემალაძე (36), 1:3 დვალი (67), 2:3 ჟვანია (71. ზ. ხაჭიპერაძის პასით)
სამტრედია: ხარძეიშვილი (46. შენგელია) - სამსეიშვილი, გოგია, ჟვანია, ქორიძე - კვაღინიძე (53. ფირცხალავა), ილურიძე, ტყემალაძე, ჩომახიძე (77. ბარამიძე) - ეცადეიშვილი, ზ. ხაჭიპერაძე.
სათადარიგოები: ნინუა, კირთაძე, კუპრეიშვილი, ჩალაძე
ზესტაფონი: რ. კვასხვაძე - ბენაშვილი, გ. ონიანი, გ. ხიდეშელი, ელიავა - აფციაური (90. კობახიძე), დაუშვილი, ძარია, გრიგალაშვილი - დვალი (89. ცხადაია), გელაშვილი (76. წინამძღვრიშვილი).
სათადარიგოები: მამალაძე, მაკარიანი, მიქაბერიძე, კორღალიძე
გაფრთხილება: ზ. ხაჭიპერაძე (18), გრიგალაშვილი (52), დაუშვილი (63)
გაძევება: დაუშვილი (87)
გამოუყენებელი პენალტი: ჩომახიძე (62. მეკარე)
არბიტრი: ლ. კვარაცხელია
სეზონის მესამე იმერული დერბი ძლიერი ქარის თანხლებით წარიმართა. სამტრედიაში ძალიან ციოდა, თუმცა, როგორც ცნობილია, ბუნებრივი სირთულეები სამტრედიელ გულშემატკივრებზე არ მოქმედებს - უამინდობამ სტადიონის შევსებას ხელი ვერც ახლა შეუშალა. 40-მდე ერთგული ფანი საკუთარი გუნდის საქომაგოდ ზესტაფონიდანაც იყო ჩამოსული. ისინი ადგილობრივებზე არანაკლებ აქტიურობდნენ. წინა ტურში ზესტაფონელებმა ყველასათვის მოულოდნელად "ლოკომოტივთან" საშინაო მატჩში დაკარგეს ქულები და თუ კვლავ ჩემპიონობაზე ფიქრობენ, ამ მატჩში მორიგი წაფორხილების უფლება აღარ ჰქონდათ. "სამტრედია" რომ არავისთვის არ არის იოლი ლუკმა, ეს ამ გუნდმა წინა შეხვედრებშიც დაამტკიცა. ზამთრის შესვენებისას გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა, თუმცა, როგორც ჩანს, ამას გუნდზე ცუდად არ უმოქმედია. "სამტრედიამ" ძველებურად იბრძოლა და სანახაობრივ შეხვედრაში ცოტაც რომ გამართლებოდა, ქულას მაინც გამოჰკრავდა ხელს.
შეხვედრა ზესტაფონელთა უპირასტესობით დაიწყო. გია გეგუჩაძის შეგირდები მოკლე, სწრაფი პასებით ავიწროებდნენ მეტოქეს. სტუმართა აქტიურობამ შედეგი მალევე გამოიღო. მე-7 წუთზე დაუშვილმა მოედნის ცენტრიდან წამოიწყო შეტევა, შემდეგ ბურთი მიიღო გელაშვილმა, რომელმაც დვალი გაიყვანა მეკარესთან პირისპირ, ზესტაფონელი ფორვარდის პირველი დარტყმა ხარძეიშვილმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე კვლავ ჯაბამ იმარჯვა და სტუმრები დააწინაურა - 0:1.
დვალს მომდევნო შეტევის დროსაც ჰქონდა გოლის გატანის შანსი - გრიგალაშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ზესტაფონელი ფორვარდი ცარიელ კარში ურტყამდა, მაგრამ კუთხე ძალიან მახვილი იყო და მიზანში ვერ მოარტყა. მალე ფეროელებმა კიდევ უფრო გაზარდეს უპირატესობა. 27-ე წუთზე აფციაურმა კუთხურიდან საჯარიმოში დაბალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი, რომელსაც ძარია გამოეხმაურა და ხარძეიშვილს ახლო დაბალ კუთხეში გაუტანა - 0:2.
მეორე გოლის შემდეგ ზესტაფონი ოდნავ მოეშვა და უპირატესობა სამტრედიელთა მხარეს გადავიდა. განსაკუთრებით სუსტად ფეროელთა უკანა ხაზი გამოიყურებოდა, რომელსაც საკმაოზე მეტი ხარვეზი ჰქონდა. 32-ე წუთზე ჩომახიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ კვასხვაძემ ბურთი ხელებში ვერ შეიმაგრა და ზესტაფონელთა კართან ხიფათი შეიქმნა, თუმცა მეკარემ შეცდომა გამოასწორა და ბურთს მაინც დაეუფლა. რამდენიმე წუთში სამტრედიელებმა ანგარიშის შემცირება მაინც მოახერხეს - მასპინძელთა მწვავე შეტევა მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ტყემალაძემ დააგვირგვინა -1:2.
ამის შემდეგ ზესტაფონელები კვლავ გააქტიურდნენ. ორჯერ სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა აფციაურმა, რომელთაგან პირველი ხარძეიშვილმა მოიგერია, ხოლო მეორე ხარიხას ოდნავ გადასცდა. მერე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა დვალმა, გელაშვილის გოლი კი წესების დარღვევის გამო არ ჩაითვალა.
მოკლედ, პირველი ტაიმი "ზესტაფონის" შეტევებში გაილია. მატჩის სცენარი არც შესვენების შემდეგ შეცვლილა. სტუმრები კვლავ ფლობდნენ უპირატესობას. 52-ე წუთზე სამტრედიელი მცველები შეცვლაზე შემოსულ მეკარე შენგელიას უბრუნებდნენ ბურთს, ახალგაზრდა კიპერს ბურთი აეჭრა და "სამტრედია" ძელმა იხსნა...
მიუხედავად ზესტაფონელთა უპირატესობისა, მასპინძლები გულხელდაკრეფილნი არ ყოფილან. სტუმრებს ყველაზე მეტი პრობლემა ინდივიდუალიზმით გამორჩეულმა ზაურ ხაჭიპერაძემ შეუქმნა. 62-ე წუთზე ის მარჯვნიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და ელიავამ წესების დარღვევით შეაჩერა. ლევან კვარაცხელიამ უყოყმანოდ დანიშნა 11-მეტრიანი. სამტრედიელებს ანგარიშის გათანაბრების უნიკალური შანსი მიეცათ, მაგრამ... ვეტერანმა ჩომახიძემ, რომელიც მანამდე ერთ-ერთი საუკეთესო იყო მოედანზე, პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და კვასხვაძეს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია...
ჰოდა, ამუშავდა ფეხბურთის დაუწერელი კანონი - "ვერ გაიტან, გაგიტანენ" რომ ჰქვია. 67-ე წუთზე დვალმა ჟვანიას მიერ თავით უხეიროდ მოგერიებული ბურთი თავითვე გაისწორა და საჯარიმოს მისადგომებიდან შენგელიას აუღებელი დაურტყა. ასე რომ, ჯაბამ ერთ მატჩში სამტრედიელთა ორივე მეკარეს გაუტანა...
სამტრედიელები ამ ჩემპიონატში ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევიან. მათ არც ამჯერად დაყარეს ფარ-ხმალი და მეტოქე გვარიანადაც ანერვიულეს. 71-ე წუთზე ხაჭიპერაძემ კუთხურიდან კარგად "მოჭრა" ბურთი, ამ ეპიზოდში მეკარეც შეცდა და მარჯვენა ძელთან ეულად დარჩენილმა ჟვანიამ მატჩს ინტრიგა დაუბრუნა - 2:3.
დარჩენილმა წუთებმა დაძაბულ ბრძოლაში ჩაიარა. სამტრედიელებმა მატჩის გადარჩენა სცადეს. შეცვლაზე შესულ ფირცხალავასა და ბარამიძეს მეტ-ნაკლებად კარგი მომენტები ჰქონდათ, თუმცა ორივემ კარს ააცილა. ბოლოს ზესტაფონელები კაცნაკლულნი დარჩნენ - კვარაცხელიამ უხეშობისთვის დაუშვილი გააძევა, თუმცა სამტრედიელებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს და "ზესტაფონთან" ამ სეზონში მესამედაც დამარცხდნენ.