საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იურიდიულმა კომიტეტმა, ს/კ “ზესტაფონის” მიერ შეტანილი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე სარჩელის შინაარსზე მოგითხრობთ, იმაზე ვთქვათ, ვის და რატომ ედავება იმერული კლუბი. როგორც ირკვევა, კლუბის (პრეზიდენტი ილია კოკაია) მოპასუხე ობიექტი მწვრთნელი ხვიჩა ქასრაშვილია. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი, ამჟამად ბოლნისის “სიონის” მთავარი მწვრთნელია, მანამდე კი, სწორედ იმერული გუნდის დუბლშემადგენლობას წვრთნიდა.
ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით, აღნიშნული კონფლიქტის სინამდვილესთან მაქსიმალურად მიახლოებული ფაბულის დადგენა მოხერხდა. ზესტაფონური კლუბის მესვეურები, მწვრთნელს ბრალად შრომითი ხელშეკრულების დარღვევას დებენ და ამის საფასურად, 7000 ლარს ითხოვენ. არის პრეტენზიის კიდევ ერთი მუხლი, რომელსაც ქასრაშვილს პირადად საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტი ილია კოკაია უყენებს - ესაა 15 ათასი ამერიკული დოლარი, რომელიც მწვრთნელს, უშუალოდ სამუშაოზე დამქირავებელმა ჩაურიცხა პირად საბანკო ანგარიშზე.
ქასრაშვილს, 2009 წლის ზაფხულში იმერელთა გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელად დანიშვნამდე, დროებით უმუშევრის სტატუსი ჰქონდა. აღნიშნული უმუშევრობა კი, 2008 წლის ოქტომბრიდან გრძელდებოდა - იმ პერიოდიდან, როცა იგი რუსთავის “ოლიმპის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს (შეგახსენებთ, რომ XX ეროვნული ჩემპიონატის საწყის 5 შეხვედრაში, ქვემოქართლელთა აქტივში 3 ფრე და 2 წაგება იყო და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილს “ამშვენებდნენ”).
სავარაუდოდ, გუნდის მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძის რეკომენდაციით (მას და ქასრაშვილს, ერთად მანამდეც არაერთგან უმუშავიათ), ხვიჩა ქასრაშვილსა და ს/კ “ზესტაფონს” შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. იმის გარდა, რომ ახალი თანამშრომელი იმერული გუნდის უახლოეს რეზერვს, დუბლშემადგენლობას უნდა ჩასდგომოდა სათავეში, “მსოფლიო სპორტის” ინფორმაციით, მას სასელექციო სამუშაოების აქტიური წარმართვაც ჰქონდა დავალებული. კლუბის სამომავლო პერსპექტივისთვის მისაღები ახალგაზრდა ფეხბურთელის გუნდში მოყვანის საფასურად, ქასრაშვილს, დაახლოებით, 10 ათასი აშშ დოლარი უნდა მიეღო. ეს უკანასკნელი პუნქტი შესული იყო თუ არა შრომით ხელშეკრულებაში, ძნელი სათქმელია.
მოკლედ, სფფ-ის იურიდიულმა კომიტეტმა იმსჯელა და მწვრთნელს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტისთვის (იგი “ზესტაფონში” 6 თვის მისულიც არ იყო, ისე დათანხმდა ბოლნისის “სიონის” წინადადებას, ემუშავა ამ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე), 7 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. რაც შეეხება ფინანსური პრეტენზიის მეორე ნაწილს, რომელიც სავარაუდოდ, კლუბის პრეზიდენტის “ჯიბიდან გადახდილი” სასელექციო ბონუსი იყო, მისი დაკმაყოფილება ფედერაციაში ვერ გარისკეს და მოსარჩელე მხარეს რეკომენდაცია მისცეს, საკითხი სპორტული არბიტრაჟის სამსჯელო გაეხადათ.
ს/კ “ზესტაფონში”, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება კონფლიქტის (სწორედ ამ ტერმინის გამოყენება შეიძლება სიტუაციის ერთი სიტყვით დასახასიათებლად) მეორე მხარეს, მას “მსოფლიო სპორტი” გასულ კვირას, ბოლნისში “სიონისა” და “ზესტაფონის” საჩემპიონატო დაპირისპირების (0:1) შემდეგ დაუკავშირდა.
- ბატონო ხვიჩა, როგორც შევიტყვეთ, თქვენი ყოფილი გუნდი გარკვეული ოდენობის თანხას გედავებათ.
- რაღაც სისულელეზე მიჩივის - ხელფასი რაც გაქვს აღებული, ის დააბრუნეო. ხელფასი რაში მომცეს, ვმუშაობდი და იმიტომ ხომ?
- წინასწარ ხომ არ გქონდათ აღებული “პადიომნის” სახით?
- არა, რის “პადიომნი”. ვმუშაობდი მწვრთნელად და ვიღებდი ხელფასს - არც პრემია მქონდა და არც სხვა შემოსავალი.
- საუბარია თქვენი მხრიდან კონტრაქტის დარღვევაზე.
- დიახ, მეუბნება კონტრაქტი დაარღვიე და უკან დააბრუნე ყველაფერიო. გუნდიდან თვითონ გამომიშვა და მე დავარღვიე კონტრაქტი?
- თითქოს, ბოლნისის “სიონში” მეტი შემოგთავაზეს და ამიტომაც წამოხვედით გუნდიდან.
- არა, რას ამბობთ. მივედი სალაპარაკოდ და არც მიმიღო პრეზიდენტმა. დამირეკეს მერე ნახევარ საათში და ფორმა და მანქანა ჩააბარეო - კიდევ მე წამოვედი?
- რას აპირებთ, იურიდიულმა კომიტეტმა რომ თანხის გადახდა დაგაკისრათ - გადაიხდით?
- რას გადავიხდი. იურისტებთან მაქვს კონსულტაცია და ამ დღეებში შევიტან აუცილებლად საარბიტრაჟო სასამართლოში საჩივარს.
- სარჩელში ფიგურირებს 15 ათასი დოლარიც და ეს რა თანხაა?
- მე ხომ “ზესტაფონში” თავიდან სელექციონერად ვმუშაობდი და ის ფეხბურთელები, ვინც ჩავიყვანე, მათში გადამიხადეს პრემიალურები. მაგდენიც არ ყოფილა, საიდან მოიტანეს ამხელა თანხა - გაწელილია ყველაფერი.
ფრიდონ კერვალიშვილი