ქართველმა სამთომოთხილამურეებმა იასონ აბრამაშვილმა და ჯაბა გელაშვილმა ვანკუვერის ოლიმპიადაზე გიგანტურ სლალომში ორივე ცდის დასრულება შეძლეს და სტარტზე გასულ 103 მონაწილეს შორის მოწინავე ორმოცდაათეულში შეაღწიეს. ქართველთაგან მცირედით უკეთესი შედეგი აბრამაშვილმა აჩვენა, რომელმაც ორ ცდას ჯამში 2:47.30 წუთი მოანდომა და 46-ე პოზიცია დაიკავა. იგი შვეიცარიელ ოლიმპიურ ჩემპიონ კარლო იანკას 9.40 წამით ჩამორჩა. 2:50.32 წუთით 50-ე იყო გელაშვილი, რომელმაც გამარჯვებულთან 12.49 წამი წააგო.
კვარცხლბეკზე იანკას გარდა ნორვეგიელები იანსრუდი და სვინდალი შედგნენ, სულ კი უისტლერის ტრასაზე გამართული შეჯიბრის ორივე ცდის დასრულება 81-მა მოთხილამურემ შეძლო.
27 თებერვალს აბრამაშვილი და გელაშვილი ძალებს სლალომშიც სცდიან, დღეს კი ქალთა გიგანტურ სლალომში ნინო წიკლაური იასპარეზებს.
სამთო-სათხილამურო სპორტი. გიგანტური სლალომი. კაცები
1. კარლო იანკა (შვეიცარია) 2:37.83
2. კიეტილ იანსრუდი (ნორვეგია) +0.39
3. აკსელ ლუნდ სვინდალი (ნორვეგია) +0.61
...46. იასონ აბრამაშვილი (საქართველო) +9.40 ...50. ჯაბა გელაშვილი (საქართველო) +12.49