ანთალიურ შეკრებაზე მყოფმა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ” ტესტ-მატჩში 4:1 სძლია სანდრო კობახიძის “კრივბასს”. “დნიპროში” კი თავისი მეორე მატჩი ჩაატარა ქართველმა მცველმა უჩა ლობჟანიძემ, რომელიც დაახლოებით სამი კვირის წინ გადავიდა “ზესტაფონიდან” უკრაინულ გუნდში. სხვათას შორის, “კრივბასთან” მატჩის დღეს, უჩას დაბადების დღე ჰქონდა – 23 წელი შეუსრულდა.
რაც შეეხება შეხვედრას, “დნიპროს” საიტის ცნობით, იუბილარმა უკვე მე-5 წუთზე დაუშვა შეცდომა, რითაც “კრივბასის” ფორვარდმა ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა “დნიპროს” კიპერმა იან ლაშტუვკამ იყოჩაღა. მოგვიანებით, ლაშტუვკამ კობახიძეც გაამწარა – ქართველ შემტევს ურთულესი ბურთი აუღო.
ლობჟანიძემ მატჩი სრულად ჩაატარა, კობახიძე კი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.