მოგესალმები, სტუმარო | RSS

  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმის მოდერატორი: acdachi, kakha_k  
MORE THAN GOLD...
alligator2591თარიღი: პარასკევი, 2010-თებ-26, 13:28 | შეტყობინება # 1 | გაზიარება
 
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 34
 წევრი No.: 100
 რეგისტრ.: 2009-ოქტ-01







რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში, სეოკ-ის პრეზიდენტის - გია ნაცვლიშვილისა და ვიცე-პრეზიდენტის - რამაზ გოგლიძის სახელზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტიდან საგანგებო წერილი მოვიდა, რომელსაც ხელს აწერს პერე მირო, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მაღალჩინოსანი.

“უპირველესად, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ღრმა მწუხარება ნოდარის ოჯახისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიმართ.

ვიმედოვნებთ, რომ ბატონ ჟაკ როგთან შეხვედრა პოზიტიური იყო და ნათელი წარმოდგენა შეგიქმნათ ჩვენს საერთო-სამომავლო გეგმებზე.

შეთანხმების მიხედვით, ციგაობის საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ ბაკურიანში ასაგები საციგაო ტრასის პროექტის განხილვას, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილისის ხსოვნის უკვდავსაყოფად აშენდება. ჩვენის მხრივ, მუდმივად ჩაგაყენებთ საქმის კურსში.

გიგზავნით ციგაობის საერთაშორისო ფედერაციის დასკვნას, სადაც, სპეციალისტების მიერ გაკეთებული ანალიზის შედეგად, ნათქვამია:

ნოდარ ქუმარიტაშვილის მიერ ნაჩვენები სპორტული შედეგები ადასტურებს მისი, როგორც მაღალი დონის სპორტსმენის კვალიფიკაციას.

აქვეა, ტექნიკური სახის ინფორმაცია უისლერის საციგაო ტრასის შესახებ”.

დამეთანხმებით, რომ არ მეჩვენება - ციგაობის საერთაშორისო ფედერაციამ და ოლიმპიურმა კომიტეტმა, უისლერში მომხდარი ტრაგედიის ნომერ პირველ მიზეზად სპორტსმენის შეცდომა აღარ დაასახელა და მის გამოუცდელობას ხაზი აღარ გაუსვა.

კანადაში კი, გამოძიება გრძელდება. ოლიმპიადის ორგანიზატორების მილიარდ დოლარად შეფასებულმა უსაფრთხოების ზომებმა რომ შეჯიბრების დაწყებამდე “ინფლაცია განიცადა”, ამან, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმედ ჩვენზე იმოქმედა.

მომხდარიდან და მსოფლიო მედიის საშუალებებში ატეხილი აჟიოტაჟიდან გამომდინარე, ალბათ, ნებისმიერი სპორტული ჟურნალისტისთვის და მითუმეტეს, ქართველებისთვის შემთხვევის ადგილზე ჩასვლა და მუშაობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესოა.

ჩემი კოლეგა, საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი - ოთარ გიორგაძე გადამღებ ჯგუფთან ერთად ვანკუვერში იმყოფება. ქართველმა ჟურნალისტმა, პირველი კანადური სიუჟეტი, რასაკვირველია, უისლერში მომხდარ ტრაგედიას მიუძღვნა და შემთხვევის ადგილი პირადად მოინახულა. ამიტომაც, მისი მონათხრობი, ჩემთვის და ალბათ, თითოეული თქვენგანისთვის განსაკუთრებულად საინტერესო იქნება.

 “რა თქმა უნდა, რომ ვანკუვერში ჩასვლისთანავე, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უისლერში წასვლა და საციგაო ტრასის გადაღება იყო, სადაც ტრაგედია მოხდა. გარკვეული წინააღმდეგობები შეგვხვდა და საგანგებო უფლებების მოპოვება დაგვჭირდა, ვინაიდან, იმ ადგილის გადაღება იკრძალება და საგანგებოდაა დაცული. თუმცა, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია და სწორედ, მათი უშუალო დახმარებით შევძელით შემთხვევის ადგილზე შესვლა. მაუწყებელთა კავშირმა გამოითხოვა გადაღების უფლება პოლიციიდან და შეუთანხმდა დაცვის სამსახურს. თან, გარკვეულ დათმობებზეც წავიდნენ, რადგან საუბარი იყო ქართულ ტელევიზიაზე. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, არც ერთი ტელეარხი არ იყო იქ ნამყოფი და ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც იქ შევიდა. ყველა ნაბიჯზე ვგრძნობდით თანაგრძნობას და მხარდაჭერას” - ამბობს ქართველი ჟურნალისტი.

“ადგილზე მისვლისას, პირადად ჩემთვის, ყველაზე მოულოდნელი ის იყო, რომ აბსოლუტურად სხვა სურათი დაგვხვდა; იმისგან განსხვავებით, რაც თქვენც და მეც ტელევიზიით ან ფოტოებზე გვქონდა ნანახი. ანუ, შემთხვევის ადგილი იმდენადაა შეცვლილი, რომ თითქმის ვერაფრით დააკავშირებ ტრასის პირვანდელ სახესთან. ამოშენებულია მაღალი კედელი, რომელიც გამაგრებულია ხის ჯებირებით, ხოლო რკინის კონსტრუქცია კი, დაფარულია რბილი, დამცავი ტყავით, რამაც უფრო გაგვიმყარა აზრი, რომ დასაწყისშივე, უსაფრთხოების ამჟამინდელი ნორმების ნახევარი მაინც რომ დაეცვათ, ქართველი სპორტსმენის ტრასიდან ამოვარდნა ტრაგედიით არ დასრულდებოდა. როგორც გვითხრეს, ეს დამცავი საშუალებები დამონტაჟდა ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან სულ რამდენიმე საათში და არ შეეძლოთ, თავიდანვე გაეკეთებინათ?! ამას ამბობენ სპორტსმენებიც და გულშემატკივრებიც.

შეჯახების ადგილზე, ისევ აწყვია ყვავილები და სხვადასხვა ოლიმპიური სიმბოლოები. აქვე დევს ის მედალიც, რომელიც ნოდარ ქუმარიტაშვილს გადაეცა, როგორც ოლიმპიადის ერთ-ერთ მონაწილეს. საციგაო ტრასის მომსახურე პერსონალი განსაკუთრებულად უვლის ამ ადგილს; რომ გაიგეს, საქართველოდან ვიყავით, ყველა მოვიდა თანაგრძნობის გამოსახატად. განსაკუთრებით, ნოდარის ოჯახზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ უნდათ, თავიანთი სამძიმარი და ხმა მიაწვდინონ ოჯახის წევრებს.

უისლერის ცენტრში გაკეთდა ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალი. ესაა ხის პატარა ნაგებობა, სადაც გამოსახულია საქართველოს, კანადისა და ოლიმპიადის დროშები, დევს დაღუპული ქართველი სპორტსმენის სურათი. ამ ადგილას, მთელი დღე არ წყდება ხალხის ნაკადი. სპორტმენები, გულშემატკივრები ანთებენ სანთლებს, ტოვებენ ყვავილებს და გულსაბნევებს... ჩვენთვის, ემოციურად ძალიან მძიმე სანახავი იყო ეს ყველაფერი.

ძალიან ემოციური იყო საციგურაო მოედანზე ოთარ ჯაფარიძისა და ელისონ რიდის გამოსვლა. დარბაზი ჩვენს წყვილს განსაკუთრებულად შეხვდა. როგორც შემდეგ ირაკლი ჯაფარიძემ (საქართველოს ფიგურული ციგურაობის ასოციაციის პრეზიდენტი) გვითხრა, ყველა წამყვანმა ტელეარხმა აჩვენა ქართველების გამოსვლა, რადგან ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალების შემდეგ, ოლიმპიადაზე საქართველოს სახელი პირველად გაჟღერდა. ძალიან დამაინტერესა ერთმა თურქმა გულშემატკივარმა, რომელმაც ჯაფარიძე-რიდის გამოსვლის შემდეგ, ყინულზე კონვერტები გადმოყარა. ეს კონვერტები თავად ვნახე. იქ იყო წერილი, სადაც ის ამბობდა, რომ ანკარიდან ჩამოვიდა და შეძრა ქუმარიტაშვილის ტრაგედიამ. კონვერტებში იდო საჩუქრებიც - ქართველი სპორტსმენებისთვის.

უისლერის სპორტულ ცენტრში გვითხრეს, რომ ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, საგანგებო სტენდი გაკეთდება, რომელიც ვანკუვერი 2010- ის გამარჯვებულებსა და პრიზიორებს მიეძღვნება და მათ შორის, აუცილებლად იქნება ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელიც.

საორგანიზაციო კუთხით რომ პრობლემები არსებობს, ეს ჩვენთვისაც ცხადი გახდა. ბოლო ერთი კვირაა, ვანკუვერში ძალიან მაღალი ტემპერატურაა. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, კანადაში ვანკუვერი ცივ ადგილად არ ითვლება. აქ მზეა და საკმაოდ მაღალი ტემპერატურა, ტორონტოში კი, მინუს ათი გრადუსი ყინვაა. როგორც ჩანს, ორგანიზატორები ამისთვის მზად არ იყვნენ და გარკვეული პრობლემები შეექმნათ. სწორედ, მზისგან დამცავი ტენტი არ გადააფარეს საციგაო ტრასას, რაც ტრაგედიის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება?! პრობლემები იყო სათხილამურო ტრასებზეც. წარმოიდგინე, ბაკურიანში ან გუდაურში რომ სრიალებდე და ხევში გადავარდე, რადგან არაფერი გიცავს - ასე მოხდა აქ ერთ ტრასაზე, სადაც წესით, სპორტსმენი დამცავ ბადეს ან ჯებირს უნდა შეეჩერებინა.

სანამ აქ ვართ, ყველანაირად ვცდილობთ, რომ ამ თემას მაქსიმალურად ღრმად ჩავეძიოთ. მოლაპარაკება გვაქვს რამდენიმე უცხოელ ჟურნალისტთან, რომლებიც ძალიან ბევრ საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ფლობენ მომხდართან დაკავშირებით და ამის გამო, პრობლემებიც კი შეექმნათ. აქტიურად ვეკონტაქტებით კანადელ ჟურნალისტებსაც. ვნახოთ, იმედია საჭირო ინფორმაციას მოვიპოვებთ” - გვითხრა ოთარ გიორგაძემ.

“ნოდარ ქუმარიტაშვილის სიკვდილი გარდამტეხი მოვლენაა საციგაო სპორტში” - ეს სიტყვები ბრიტანელ სპორტსმენს, ადამ როზენს ეკუთვნის. საინტერესოა, როდის დგება გარდამტეხი მომენტები სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, ტრაგედიებისა და მსხვერპლშეწირვების შემდეგ?! არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ დამთავრდება გამოძიება, მუშაობას დაასრულებენ საგანგებო კომისიები და მერე? - მერე, დაიდება მსგავსი კომისიებისთვის დამახასიათებელი შვიდიათასგვერდიანი დასკვნები, ყოველთვის გამორჩეულები ნეიტრალიტეტითა და “გაშპაკლული” კორექტულობით. კვლავ “მაღალ რეგისტრში” ჩაივლის მომავალი ოლიმპიადები ოლიმპიური დევიზით -  “სწრაფად, მაღლა, ძლიერად” - და საით, მარადისობისკენ?!

...უისლერის ცენტრში, ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალზე, მის ერთ-ერთ უკანასკნელ ფოტოზე, რომელიც საბედისწერო დაშვებამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული, მიმაგრებულია შავი გულსაბნევი ოქროსფერი წარწერით - MORE THAN GOLD... - მეტი, ვიდრე ოქრო... ალბათ, გულსაბნევის თავდაპირველ მფლობელს განსაკუთრებულად კარგად ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა, რადგან ადრესატი ზუსტად შეარჩია - ახალგაზრდა ქართველი მოციგავე, რომლის ტრაგედიამ, ვინ იცის, რამდენი ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვა.

ჩვენი ქვეყნისთვის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ოჯახისთვის, მისი მეგობრებისთვის კი, ყველანაირ ოქროზე, უფრო მეტზე და კიდევ უფრო მეტზე მეტი ამ 21 წლის ბაკურიანელი ბიჭის სიცოცხლე იყო და ამას არანაირი სახელი არ ჰქვია, სიცოცხლე ყველაფერზე მეტია...



ეკა ელოშვილი

 
რეპუტაცია: 0
kakha_kთარიღი: პარასკევი, 2010-თებ-26, 18:26 | შეტყობინება # 2 | გაზიარება
Welcome
 
 ჯგუფი: ადმინი
 შეტყობინება: 18
 წევრი No.: 91
 რეგისტრ.: 2009-აგვ-24






იმდენი ვიტირე იმ დღეს რო რავი... რო მახსენდება თვალები ცრემლით მევსება ამის დედა ვატირე... 21-ე საუკუნეში ასეთი დაბალი დონის უსაფრთოება ასეთ სერიოზული სიჩქარეების დროს, როდესაც ადამიანი ციგაზე ზის და 150 კმ/ს მიდის რ აუბედურებაა ტო..
გუშინ კიდ ე2 კაცა ბობსლეიში გერმანისს პირველი გუნდი ქალებში ისე გადატრიალდა რო გამისკდა გული მეთქი ამათ კიდ ეარაფერი დაემართოთ...ერთი გადმოვარდ ასაერთოდ და მეორემ გვარიანად უხათქუნა თავი ყინულს, კიდე კარგი იოლად გამოძვრნენ.
 
რეპუტაცია: 0
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:

ჰოსტერი uCoz & Optimum Online
დიზაინის ბოლო განახლება: 17 პარილი, 2010
კონტაქტი: d.paniashvili@gmail.com
ყველა უფლება დაცულია 2008-2010