სულ რაღაც ხუთიოდე დღე და საქართველოს ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე თემურ ქეცბაიას ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დებიუტი ელის. ამ თამაშისთვის ნაკრებში გამოძახებულთა შემადგენლობა, რომელშიც 21 ფეხბურთელია, უკვე გაგაცანით. იმ ჩამონათვალიდან, ესტონელებთან მატჩში რამდენიმე ფეხბურთელის თამაშის საკითხი იყო საეჭვო და ახლა სწორედ ამაზე უნდა მოგითხროთ. უკვე გაცნობეთ, რომ დნეპროპეტროვსკის დნიპროს ნახევარმცველი ჯაბა კანკავა საკონტროლო შეხვედრაში დაშავდა. 3 მარტის მატჩში მისი მონაწილეობა გამორიცხულია. მსუბუქი ტრავმა ჰქონდა მახაჩყალის ანჟიდან ნიჟნი ნოვგოროდის ვოლგაში განათხოვრებუოლ ფორვარდ ოთარ მარცვალაძეს. თუმცა ოთარი უკვე კარგადაა და ნაკრებს მოსამზადებელ შეკრებაზე შეუერთდება.
ამ 4-5 დღის წინ ვწერდით, ნაკრების კაპიტან კახა კალაძისა და მცველ ილია კანდელაკის დაშავების შესახებ. ჩვენი ინფორმაციით, კანდელაკი უკეთაა და ალბათ თამაშსაც შეძლებს. რაც შეეხება კალაძეს, მილანის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებული ცნობის თანახმად, კახას კუნთი დაეჭიმა. ვითარებაში გარკვევას შევეცადეთ და კახას გუშინ მილანში დავუკავშირდით.
კუნთი მქონდა დაჭიმული და რამდენიმე დღის განმავლობაში მაწუხებდა. თუმცა უკვე მწყობრში ვარ. 24 თებერვლიდან მოყოლებული, სრული დატვირთვით ვვარჯიშობ და ნაკრებშიც ვითამაშებ, - გვითხრა კალაძემ.
ევროპის ლიგის 1/16 ფინალში ლევან კობიაშვილს ჰერტა-ბენფიკას საპასუხო შეხვედრაში (4:0 პორტუგალიური გრანდის სასარგებლოდ) არ უთამაშია. ბუნებრივია, კობის მდგომარეობითაც დავინტერესდით და დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღეთ. როგორც ირკვევა, ლევანს სურდო აქვს და მაღალი სიცხის გამო გუნდს პორტუგალიაში, ლისაბონელებთან საპასუხო მატჩში მონაწილებისთვის ვერ წაჰყვა. ლევანი ახლა კარგად გრძნობს თავს და დიდი შანსია ხვალ, 27 თებერვალს ბუნდესლიგის მორიგ ტურში ჰოფენჰეიმთან საშინაო შეხვედრაში ითამაშოს.
ახლა ესტონელებზე ვთქვათ. ბალტიისპირელები ორშაბათს, 1 მარტს საღამოს გვეწვევიან. ტარმო რუუტლის გუნდი, ახალგაზრდული ნაკრების დარად, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში დაბინავდება და ორშაბათს საღამოს მსუბუქ ვარჯიშს ჩაატარებს. ესტონელთა დარად სასტუმროში, მაგრამ თბილისი მარიოტში იცხოვრებს ჩვენი ეროვნული გუნდი. ქეცბაია ლაშქარს კვირას, 28 თებერვალს შეკრებს. 1-ელ მარტს გუნდი უკვე სრული შემადგენლობით იქნება.
დაბოლოს, 3 მარტს საქართველო-ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი (ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი) მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 13 საათზე დაიწყება. თამაშზე დასწრება უფასოა. იმავე დღეს, 19 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველო-ესტონეთის ეროვნული გუნდების ამხანაგური შეხვედრა აიღებს სტარტს. ამ მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 3 და 5 ლარია. მხოლოდ ერთი სექტორის ბილეთის ფასი იქნება 10 ლარი. ბილეთების გაყიდვა ეროვნული სტადიონის სალაროებში ორშაბათიდან, 1-ელი მარტიდან დაიწყება.