კახა კალაძემ "მილანი" მკაცრი ტონით გააფრთხილა - რაკი აღარ მათამაშებთ, ივნისში კლუბს დავტოვებო! ჩვენებურს ნამდვილად აქვს გაბრაზების მიზეზი. ლეონარდო მას საერთოდ აღარ ათამაშებს, მეტიც - ზოგჯერ 18-კაციან განაცხადშიც არ შეჰყავს, საქართველოს ნაკრების კაპიტანს კი თამაშის სწურია. "მწვრთნელი ძირითადში აღარ მაყენებს. და ეს ხდება მას მერე, რაც "ციურიხთან" ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარე. ჩემთვის ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. შარშან შანსი მქონდა, წავსულიყავი, მაგრამ "მილანმა" არ გამყიდა, რასაც მეც გავუწიე ანგარიში. ახლა საკუთარ მომავალზე თავად ვიზრუნებ - ივნისში გადავწყვეტ, რა და როგორ იქნება. თუ აღარ მათამაშებენ, წავალ", - აცხადებს კალაძე "სქაი სპორტთან" ინტერვიუში.
ამასთან დაკავშირებით, "მილანმა" გუშინვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც ნათქვამია - კალაძის მხრიდან მწვრთნელის კრიტიკა უსამართლოა და კლუბი მკაცრ ზომებს მიიღებსო.
მოგვიანებით, "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა კალაძის კიდევ ერთი კომენტარი, რომელშიც ის ბოდიშს იხდის: "მინდა, ბოდიში მოვუხადო კლუბს, მწვრთნელს, თანაგუნდელებსა და ტიფოზებს. ეტყობა, ჩემი გაცხარება ნერვიულობამ გამოიწვია".
ამ ცოტა ხნის წინ იტალიური მედია წერდა, რომ კალაძე რუსულ პრემიერლიგაში აპირებდა გადაბარგებას, სადაც მას თითქოს "რუბინი" და "ზენიტი" ეპატიჟებოდნენ...