R1517GEO | თარიღი: ოთხშაბათი, 2010-მარ-10, 14:37 | შეტყობინება # 1 | გაზიარება |
ჯგუფი: ადმინი
შეტყობინება: 752 წევრი No.: 7 რეგისტრ.: 2009-თებ-15
| ესპანური “ბარსელონას” ოფიციალურ საიტზე, გიორგი ჭანტურიაზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა. წინასწარ ვთქვათ, რომ ეს “სიამოვნება” ყველას არ ხვდება წილად – “ბარსას” დუბლების, ჟუვენილ ა-ს თუ ჟუვენილ ბ-ს ფეხბურთელებიდან, მხოლოდ გამორჩეულებს ეძლევათ საიტზე ვრცლად წარდგენის პატივი. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებისა და “ბარსელონას” ჟუვენილ ბ-ის 16 წლის ფორვარდი კი მართლაც გამორჩეულია კატალონიის ზონის ჩემპიონატში, სადაც მისი გუნდი პირველ ადგილზეა და ძნელად, რომ ლიდერობა დათმოს. “გიო ჭანტურიას ტრანსფორმაცია” – ასეთი სათაური აქვს საიტზე გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც ქართველის სიტყვებიცაა მოყვანილი. “ბევრს თუ არ იმუშავებ, აქ ვერ ითამაშებ. ეს მშვენივრად მაქვს გაცნობიერებული. ძალიან მინდა ჟუვენილ ბ-ის ჩემპიონატი მოვიგო, უფრო სამომავლო გეგმები კი, “კამპ ნოუზე” დამკვიდრებაა. ყველაფერს ვიზამ საიმისოდ, რომ “ბარსელონას” ძირითადი გუნდის ფეხბურთელი გავხდე. ოცნების ასახდენად ძალიან ბევრს ვშრომობ”, – სხვათა შორის, ეს სიტყვები გიორგიმ “ბარსელონას” ტელევიზიას უთხრა. და რა შუაშია ტრანსფორმაცია? სტატიის ავტორი ხაიმე მარკეტი აღნიშნავს, რომ, როდესაც ქართველი, გუნდში ახალი მისული იყო, ინდივიდუალური თამაშით ერთობოდა, ამჯერად კი, თავის ტექნიკასა და ნიჭს გუნდს ახმარსო. “ის მაღალი და ძლიერია, ბრწყინვალე დრიბლინგი და დარტყმა აქვს. ეს ყველაფერი კარგად დაგვანახა “კორნელიასთან” მატჩმა, რომელიც “ბარსას” ჭაბუკებმა 4:1 მოიგეს და ქართველმა ორი გოლი გაიტანა. “ბარსელონა” ის კლუბია, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელსაც კი, უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია. როდესაც გიო პირველად გამოჩნდა ჩვენს კლუბში, მისი ტალანტი მაშინვე გამოჩნდა. ის თამამი ფეხბურთელია. ჭანტურიამ მშვენივრად ჩაატარა მატჩები საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებში, სადაც საუკეთესო ფეხბურთელია და დიდი შანსია, გახდეს პირველი ქართველი, რომელიც “ბარსელონას” მთავარ გუნდში ითამაშებს”. “ბარსას” ჟუვენილ ბ-ს მწვრთნელი, კატალონიური გრანდის ყოფილი მცველი სერხი ბარხუანი, ქართველზე ამბობს, რომ ადაპტაცია სწრაფად გაიარა და რაც მთავარია, გუნდურ აზროვნებას მიეჩვია: “ის განსხვავებული საფეხბურთო კულტურის ქვეყნიდან მოვიდა ჩვენთან. გიოს მაღალი ტექნიკა თვალშისაცემია, ეს აუცილებელი პირობაც კი არის “ბარსელონას” ჭაბუკებისთვის. მთავარია, რომ ქართველი ახლა სხვანაირად თამაშობს: ადრე თუ ინდივიდუალიზმით ერთობოდა, ახლა გუნდისთვის სასარგებლოდ ირჯება და აშკარა პროგრესი ეტყობა”. შეხსენებისთვის, გიორგის, სულ მალე, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ელის მნიშვნელოვანი მატჩები – 25 მარტს ჩეხეთში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდი იწყება, სადაც მასპინძელთა და ქართველთა გარდა, უკრაინა და ჰოლანდია არიან ჯგუფში. ილია ნანობაშვილი
ერთად უკეთესია!
|
|
| |